ეს არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე - ეს განცხადება პრემიერმა, გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააკეთა.
პრემიერმა მეუფე პეტრე დღეს, პრაქტიკულად, რევოლუციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა. გახარია ეკლესიაში არსებულ უმძიმეს კრიზისს პოლიტიკას და გაურკვეველ რევოლუციურ სცენარს უკავშირებს. გიორგი გახარიას თქმით, ეკლესიას დესტრუქციული ძალები ებრძვიან.
„ეს არის მიზანმიმართული შეტევა სახელმწიფოსა და ეკლესიაზე. რა თქმა უნდა, გარკვეული ჯგუფები, რომლებსაც არ სურთ ქვეყნის მშვიდობიანი, წყნარი განვითარება, ცდილობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციებით ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელ დღეს. ასეთი მცდელობა ჩვენ რამდენიმე ხნის წინ ვნახეთ, როდესაც რევოლუციურ სცენარს გვიგეგმავდნენ სახელმწიფოს და მთავრობასთან მიმართებაში, დღეს როგორც ჩანს, გადაწყვიტეს დესტრუქციული ქმედებებით შეიტანონ გაურკვევლობა ეკლესიაში“, - განაცხადა გახარიამ.
მანამდე კი ხანმოკლე, 10-წუთიანი ვიზიტით პრემიერ-მინისტრი საქართველოს საპატრიარქოს სტუმრობდა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, გახარია ილია მეორეს შეხვდა, თუმცა შეხვედრის ამსახველი ფოტო-ვიდეო მასალა პრესსამსახურს აღარ გაუვრცელებია და არც პრემიერს უთქვამს არაფერი ამ შეხვედრაზე.
სწორედ გახარიას ასახელებდა მეუფე იაკობი ერთ-ერთ იმ მაღალჩინოსნად, რომელიც პატრიარქის დამხობას გეგმავდა. თუმცა, გუშინ სინოდმა მეუფე იაკობის სკანდალურ განცხადებებზე არ იმსჯელა, მაგრამ არც უარყო ამ განცხადებების შინაარსი.