რუსეთმა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 51-ე რაუნდი ჩაშალა. მოლაპარაკებები 6 და 7 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, თუმცა, რუსეთის წარმომადგენლების არდასწრების გამო,შეხვედრა აღარ შედგება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საგანგებო განცხადება გაავრცელა, სადაც წერია, რომ მსგავსი ნაბიჯები სამშვიდობო პროცესს ძირს უთხრის და ზიანს აყენებს საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას - გადაიჭრას კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის პრობლემები.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაუბრუნდეს მოლაპარაკებების მაგიდას, შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე საერთაშორისო ორგანიზაციებს - ევროკავშირს, გაერო-სა და ეუთო-ს, ქმედითი ზომები მიიღონ ჟენევის ფორმატში მოლაპარაკებების განახლებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ხელშესახები პროგრესის მიღწევის მიზნით - წერია საგარეო უწყების განცხადებაში.