თბილისის ცენტრალური პარკის მოწყობა 19 ოქტომბერს დაიწყება - კალაძე

გამოქვეყნდა:

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობის სამუშაო 19 ოქტომბრიდან დაიწყება და, დაახლოებით, 2 წელი გაგრძელდება.

ამასთან, კალაძემ იპოდრომის მიმდებარე კორტების ტერიტორიის გასაშენებლად აუქციონიც დააანონსა. 

გვინდა, 2 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდოს ყოფილი იპოდრომის მიმდებარედ არსებული კორტების ტერიტორიაზე და გამარჯვებულმა კომპანიამ 7 174კვ.მ. ფართობზე ორი წლის ვადაში მოაწყოს 4 ღია საჩოგბურთო კორტი, 1 ღია ან დახურული საცურაო აუზი და 1 სავარჯიშო-სატრენაჟორო დარბაზი. ობიექტის პრივატიზაციის პირველადი საწყისი თანხა 5 775 000 ლარს შეადგენს, - ამბობს თბილისის მერი. 

აქვე, კალაძემ გუშინ, 6 ოქტომბერს პარკის დაგეგმარებაც გაგვაცნო. ის მულტიფუნქციური იქნება - 26 გამოყოფილი ზონით. მათ შორის იგეგმება ზიპლაინის, სკეიტ პარკისა და ამფითეატრის აშენებაც.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა "ქართუ ბანკსა" და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილს საჩუქრისთვის. ყოფილი იპოდრომის განაშენიანების ხარჯებს, კალაძის თქმით, თავად ივანიშვილი დაფარავს. 

შეგახსენებთ, რომ ივანიშვილმა იპოდრომი 19 ივნისს "ქართუს“ 20 მილიონ დოლარად მიყიდა, შემდგომ კი თბილისს უსასყიდლოდ გადასცა.

ოპოზიციის შეფასებით, ივანიშვილმა იპოდრომის გაჩუქება მორიგი ფულის გათეთრებისა და ამ ფულით ამომრჩევლის მოსყიდვის ხერხად გამოიყენა.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი