„ქართულ ოცნებას“ მხოლოდ სექტემბერში 6 მილიონ 495 650 ლარი შესწირეს. ინფორმაციას შემოწირულობებზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ავრცელებს.
აუდიტის ინფორმაციით, მმართველ გუნდს ფული 245-მა სუბიექტმა შესწირა.
გამოიკვეთა, რომ ხელისუფლებას ფულს ძირითადად ის ბიზნესმენები სწირავენ, რომლებიც ან პირდაპირ არიან დაკავშირებული "ქართულ ოცნებასთან", ან ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხებს იღებენ სახელმწიფო შესყიდვების გზით.
ჩემს ფულს სად დავხარჯავ, ვისი რა საკითხავია - ამბობს ბიძინა სუნღულაშვილი, გურჯაანში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სონღულაშვილის მამა, რომელმაც სექტემბერში "ოცნებას" 60 000 ლარი შესწირა.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ოპოზიცია ანტიკორუფციულ სამსახურს მოუწოდებენ, დაინტერესდეს მსგავსი ტიპის შემოწირულობებით.
ეს არის შემდეგი სქემა: კონკრეტული კომპანიები იგებენ ტენდერებს და შემდეგ უკვე სწირავენ "ქართულ ოცნებას". ეს არის დალაგებული სქემა, შესყიდვების სისტემის გამოყენებით, კონკრეტული თანხები მიედინება კონკრეტულ კომპანიებში და შემდეგ ეს კომპანიები და მათთან დაკავშირებული პირების წირავენ "ქართულ ოცნებას". მნიშვნელოვანია, რომ სამართალდამცავი უწყებებიც დაინტერესდნენ კონკრეტული ტენდერებით- ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური.