თბილისის მერი და მმართველი გუნდის გენერალური მდივანი, კახა კალაძე, დავითგარეჯის საკითხს ეხმიანება და ოპონენტებს მოუწოდებს, იმ საქმის შეწყვიტონ პოლიტკური შეფასება, რომელსაც "ქართული ოცნების" გარდა, ყველა პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად აღიქვამს.
ეს არის საქართველოს შიდა საქმე და პრინციპულად დაუშვებელია ამ თემის პოლიტიზირება, მით უფრო, საქართველო-აზერბაიჯანისთვის დამაზიანებელ კონტექსტში განხილვა. აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოა. ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს და გააკეთებს საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად, - ამბობს კახა კალაძე.
საკითხს ეხმიანება "ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძეც. მისი თქმით, რუკების საკითხის გადაჭრა ჯერ კიდევ "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობისას შეიძლებოდა, თუმცა ეს პარტიის ინტერესი არ ყოფილა.
აქვე, სავარაუდოდ, რუსეთის მიერ დაფინანსებული "პატრიოტთა ალიანსი" ჯერ კიდევ გასულ წელს ითხოვდა სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის საქმიანობაზე გამოძიების დაწყებას. საინტერესოა, კონკრეტულად რას მოიაზრებდა ირმა ინაშვილი, როდესაც კომისიის საეჭვო საქმიანობაზე საუბრობდა და სად იკვეთებოდა მისი ეჭვები და ხელისუფლების მიერ დაწყებულ მიმდინარე გამოძიება.
აქვე, დავითგარეჯის საქმესა და ივერი მელაშვილის დაპატიმრებაზე დღეს არჩილ თალაკვაძის, გიორგი გახარიასა და ირაკლი სესიაშვილის კომენტარებიც მოვისმინეთ. მათი თქმით, საკითხი შიდასახელმწიფოებრივია და აზერბაიჯანისადმი პრეტენზია ვერ გვექნება.