პოლიტიკური დაკავება - ქვეყნის ღალატის ტოლფასი დანაშაული, რომლის მოტივი უცნობია

გამოქვეყნდა:

ქვეყნის ღალატის ტოლფასი დანაშაული, რომლის მოტივი უცნობია. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ივერი მელაშვილმა და ნატალია ილიჩოვამ 2006-2007 წლებში საქართველოსთვის საზიანო გადაწყვეტილებები მიიღეს, მაგრამ არ იციან რატომ. ბევრი კითხვის მიუხედავად, საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე პასუხი ვერ მივიღეთ. საგამოძიებო უწყების წარმომადგენელი ნახევარი საათი მხოლოდ იმას ამტკიცებდა, რომ ბრალდებულებმა სახელმწიფო საზღვრის მეზობელ ქვეყანასთან შეთანხმების დროს არარელევანტური რუკები გამოიყენეს. 

გამოძიების მასალებით დგინდება,რომ ბრალდებულები 1938 წელს ორმხრივად შეთანხმებულ რუკებს მალავდნენ და ქვეყნის საზიანოდ 70-იანი 80-იანი წლების რუკას იყენებდნენ. 1938 წლის რუკას კი მათივე მტკიცებით, უკვე წლებია სასზღვრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ილიჩოვა საკუთარ კაბინეტში მალავდა. 

პროკურატურა ამტკიცებს, რომ დანაშაულის შესახებ წელს აგვისტოში შეიტყო, მაშინ, როდესაც თავდაცვის სამინისტროში იმ რუკების დედანი მიიტანეს,რომელიც არარელევანტურ დოკუმენტად ითვლება. ვინ გადასცა ღარიბაშვილის უწყებას გასაიდუმლოებული მასალა, არ ამბობენ, მაგრამ "მთავარი არხი" უკვე რამდენიმე კვირაა სანდრო წყაროზე დაყრდნობით ამბობს,რომ კარტოგრაფიული მასალა მოსკოვიდან თბილისში ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა ჩამოიტანა. 

ინფორმაციის მიღებიდან რამდენიმე კვირაში დანაშაული გახსნეს და დააკავეს სახელმწიფო უწყებებში დასაქმებული ადამიანები. ივერი მელაშვილი, რომელიც 2006-2007 სახელმწიფო საზღვრის დელიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი და ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელი იყო, ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურია და ხელისუფლებას გადამწყვეტი არჩევნების წინ მათი გამოყენება ყოფილი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ სურს.  

კიდევ ვინ შეიძლება აღმოჩნდეს ამ საქმეში ბრალდებული ? - ამ კითხვის პასუხად პროკურატურაში მხოლოდ იმას ამბობენ, რომ საქმის გამოძიება მიმდინარეობს და გამორიცხული არაფერია. არადა უკვე ნათელია, რომ არჩევნებამდე საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიმართ ახალ ბრალდებას მოვისმენთ. ტერიტორიებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ქვეყნის პირველი პირების გარეშე არ ხდება. 

ეჭვი, რომ სწორედ მიხეილ სააკაშვილზე სურთ ჩვენების მიღება, ივერი მელაშვილის ოჯახსაც აქვს. დაკავებულის მეუღლე დარწმუნებულია, რომ საგამოძიებო უწყებას მელაშვილისა და ილიჩოვასგან მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირების წინააღმდეგ ჩვენების მიღება სურს. 

ივერი მელაშვილი ბრალს არ აღიარებს. ნატალია ილიჩოვას კი ჯერ ადვოკატი არ ჰყავს და მისი პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია. ბრალდებულები ღიად, სავარაუდოდ, ხვალ სასამართლო სხდომაზე ისაუბრებენ, სადაც მათი აღკვეთის ღონისძიებაზე უნდა იმსჯელონ. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი