გარეჯით მანიპულირების გეგმა - პრეზიდენტი შეკითხვებს გაურბის

გამოქვეყნდა:

საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც 2006 წელს საგარეო საქმეთა მინისტრი და შესაბამისად დავითგარეჯთან საზღვრის საკითხზე პასუხისმგებელი პირი იყო, დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს გაურბის. ზურაბიშვილი  აღარც იმაზე საუბრობს, რომ სწორედ მისი განცხადების შემდეგ დაიძაბა ურთიერთობა აზერბაიჯანთან, რის გამოც საქართველოს მოქალაქეებს ისტორიულ ძეგლებამდე მისვლის უფლება აღარ აქვთ. 

დეტალებზე საუბარს არ ერიდება საზრვრის დაცვის ყოფილი თავმჯდომარე. ბადრი ბიწაძე ამტკიცებს, რომ 2004 წლიდან 2008 წლამდე არც ერთი სანტიმეტრი აზერბაიჯანისთვის არ დაუთმიათ.

"მე სართოდ ეჭვი მაქვს, რომ ის ყველაფერი, რაც ხდება, არის დიდი თამაშის ნაწილი. მე ვგულისხმობ რუსულ სქემას. და ამ სქემაში ეს ყველაფერი ძალიან ცუდად ჩანს" - ამბობს ისტორიკოსი 

საქართველოს ხელისუფლება რუსულ თამაშს თამაშობს - ამ დასკვნამდე მიდიან ისტორიკოსები მთავარი პროკურატურის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის შემდეგ. სპეციალისტები თვლიან, რომ ერთადერთი სახლმწიფო, ვის ინტერესებშიც დღეს აზერბაიჯანის წინააღმდეგ ტერიტორიული საკითხის წამოწევა შეიძლება შედიოდეს, ეს რუსეთია. მითუმეტეს, ისეთი აბსურდული ბრალდებით, რომელსაც საგამოძიებო უწყება ახმოვანებს. ისტორიკოსები ვერ ხვდებიან, რა გადაწყვეტილებას ედავება პროკურატურა სალიმიტაციო კომისიის წევრებს მაშინ, როდესაც 1996 წელს შექმნილ კომისიას არანაირი გადაწყვეტილება არ მიუღია. 

ყველა ისტორიკოსი თუ მკვლევარი თანხმდება რომ ქართული ოცნების მიერ დღეს ამ თემის გააქტიურება ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა, რომელიც შეიძლება, ერთი მხრივ, რუსულ ინტერესებს ემსახურებოდეს, მეორე მხრივ კი უფრო ლოკალური პოლიტიკური გეგმები ჰქონდეს და მხოლოდ ოპონენტების დისკრედიტაციას ისახავდეს მიზნად. ნებისმიერ შემთხვევაში როგორც სპეციალისტები, ისევე ოპოზიცია ამ ნაბიჯს გაუმართლებლად მიიჩნევენ. ოპოზიცია დავითგარეჯის თემის წამოწევას წინასაარჩევნო პერიოდს უკავშირებს.

იმაში, რომ გამოძიების დაწყება მთავარ პროკურატურაში არ გადაწყვეტილა და პროცესები შუშის სასახლიდან იმართება,ეჭვი დღეს ქართული ოცნების გარდა, არავის ეპარება. ბრალდების აბსურდულობის მიუხედავად, დღეს პრემიერმინისტრიც და პარტიის ლიდერებიც  ჯიუტად იმეორებდნენ, რომ ეს შიდასახლემწიფოებრივი და სამართლებრივი საკითხია და რომ ხელისუფლება პროკურატურის გამოძიებაში არ ერევა. 

რაც არ უნდა ამტკიცოს დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ, რომ მეზობელ სახელმწიფოსთან, რომელიც ისედაც იმყოფება საომარ მდგომარეობაში, პრეტენზიები არ გვაქვს, სხვასრამეს ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი. ზალკალიანი ადასტურებს რომ საზღვრის საკითხი აზრბაიჯანთან გადასახედია და გადაიხედება. 

საკმაოდ მოზომილია დღეს აზერბაიჯანის პოზიცია. მთავარმა საქართველოში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით პოზიცია საგარეო საკითხებში აზერბაიჯანის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველს ჰკითხა. დიპლომატის დიპლომატიური პასუხის მიღმა მეზობელი სახლემწიფოს შეშფოთება აშკარად იგრძნობოდა. 

ანტისახელმწიფოებრივი ქმედება- ასევე აფასებენ ოცნების გეგმას ისტორიკოსები რომლებიც კარგად იცნობენ ამ სენსიტიურ საკითხს. სპეციალისტები ღიად ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლება რუსეთის დღის წესრიგით მოქმედებს.

ჯერჯერობით საგამოძიებო უწყებას ის მასალებიც არ გაუსაჯაროებია, რის საფუძველზეც დელიმიტაციის კომისიის ორ წევრს ბრალი წარუდგინა. მთავარმა დაადგინა, რომ ამ მასალებს საგამოძიებო უწყება ბოლო ერთი თვეა ეძებს. მათ შორის, ეძებდნენ ეროვნულ ბიბლიოთეკაშიც. გამომძიებლები კარტოგრაფიის განყოფილებაში შევიდნენ და ელექტრონულ რუკებს იკვლევდნენ. 

რა საინტერესო ინფორმაცია მიიღეს გამომძიებლებმა ეროვნულ ბიბლიოთეკაში საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი რუკების შესწავლით, არ ვიცვით. 

ფაქტია რომ დავითგარეჯის თემა ქართულმა ოცნებამ პირველად 2012 წლის მაისში წამოწია. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ივანიშვილის გუნდს ეს საკითხი აღარ გახსენებია, ან არ დასჭირვებია. ამჯერად კი გადამწყვეტი არჩევნების წინ საზოგადოებისთვის ყველაზე სენსიტიური და მტივნეული თემით მანიპულირება ისევ დაიწყო, რაც სპეციალისტების განცხადებით სახელმწიფოსთვის ძალიან მძიმე შედეგებით შეიძლება დასრულდეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი