ეკლესიის დამორჩილების და რეპუტაციის განადგურების მცდელობად აფასებენ არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პრემიერი გახარია ივანიშვილის დავალებით მუშაობს და მათი ქმედებები ეკლესიის წინააღმდეგ არის მიმართული.
პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელმაც ეკლესიაში მიმდინარე მოვლენები მიზანმიმართულ შეტევად მოიხსენია, მკაცრად გააკრიტიკა „რესპუბლიკური პარტიის“ პოლიტიკური მდივანმა.
„ეს არის ყველაფერი ერთი დიდი შეკრულობის დადასტურება, მეტი არაფერი. გვჯერა, რომ გახარია ან კვირიკაშვილი ან გომელაური, ბიძინა ივანიშვილის გარეშე ვინმეს შეხვდება და ასეთ სერიოზულ თემაზე დაუწყებს ლაპარაკს? არა, რა თქმა უნდა, არა. ამიტომ, ცალსახაა, რომ აქ არის ორი უდიდესი ფიგურის ბრძოლა - ბიძინა ივანიშვილის და პატრიარქის - შეიძლება ეს პერსონალური ბრძოლაც იყოს“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.
"საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის" თავმჯდომარე, ბაჩუკი ქარდავა მიიჩნევს, რომ ხელისუფლება თავად ახორციელებს ეკლესიაზე შეტევას.
„ახლა ცდილობენ, მას შემდეგ, რაც ბომბი ხელში აუფეთქდათ და ეს არაერთხელ მოუვიდათ მათ, იგივე იყო ციანიდის საქმე, რომელიც დაგეგმეს, მაგრამ ვერ განახორციელეს, იგივეა, რაც ახლა მიმდინარეობს ეკლესიაში აქტიურად. იაკობმა რა ფორმით თქვა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ ის, რაც თქვა, მისი უარყოფა სინოდზეც კი არ მომხდარა,“ - განაცხადა ქარდავამ.
არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ასევე ამბობენ, რომ ხელისუფლება და საპატრიარქოს მღვდელმთავრების ნაწილი შეკრულები არიან და ერთად მოქმედებენ.
სწორედ მეუფე იაკობის განცხადებების საფუძველზე ითხოვს გამოძიების დაწყებას „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი, ნინო გოგუაძე. მისი თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ ე.წ. ბოდვაზე გამოძიებას ვერ დაიწყებს, არის კანონის უხეში დარღვევა.