დანიაში საქართველოს ელჩის მიერ ივერი მელაშვილის მხარდამჭერი განცხადება დავით ზალკალიანისთვის საკმარისი აღმოჩნდა, რომ განსხვავებული და მკაფიო მოსაზრების გამო დიდი ხნის კოლეგა მაღალი ტრიბუნიდან ღიად გაეკრიტიკებინა და ეთქვა, რომ საქმე ასე არ დარჩება და სამინისტრო გიგი გიგიაძისგან დეტალურ განმარტებებს მოითხოვს.
საგარეო საქმეთა მინისტრის ამ განცხადებამ ყოფილ დიპლომატებს საბჭოთა ცენზურა გაახსენა. დრო, როდესაც ქვეყანა მხოლოდ ერთ პარტიას ემსახურებოდა და ადამიანებს განსხვავებული შეხედულებების გამო მძიმე ფასის გადახდა უწევდათ. დავით ზალკალიანს დღეს მისივე უწყების თანამშრომლის, ივერი მელაშვილის მიმართ თანადგომა არ გამოუხატავს, სამაგიეროდ ის, ვისაც მხარდაჭერის დაფიქსირება საჯაროდ არ შეშინებია, მკაცრად გააკრიტიკეს.
დანიაში საქართველოს ელჩმა მისივე კოლეგებისგან განსხვავებით, ივერი მელაშვილს თანადგომა დაკავებიდან მალევე გამოუცხადა.
გიგიაძე 2011 წელს დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის წევრი იყო,შებასამისად რუკებისა და კომისიის მუშაობის შესახებაც ბევრი იცის. სწორედ ამიტომ, დიპლომატმა გადაწყვიტა საჯაროდ გამოეხატა ბრაზი, როგორც თავად წერს, აბსურდული და საღ აზრს მოკლებული ბრალდების გამო, რის შედეგადაც ივანიშვილის პროკურატურამ 62 წლის საკუთარ საქმესა და ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი ციხეში გაურკვეველი ვადით გაუშვა.
ყოფილ დიპლომატებს,რომლებსაც წინა ხელისუფლების დროს საგარეო უწყებაში მუშაობის დიდხნიანი გამოცდილება აქვთ, უჭირთ გაიხსენონ ისეთი ფაქტი, როდესაც ადამიანური სოლიდარობისა და პრინციპული პოზიციების ქონის გამო ვინმე საჯაროდ გაკიცხვისა და შენიშვნების ადრესატი გამხდარიყოს.
მოქმედი დიპლომატები მათი კოლეგისგან განსხვავებით ღიად პოზიციების დაფიქსირებას ერიდებიან. რა სადამსჯელო მექანიზმები ამოქმედდება ურჩი დიპლომატის მიმართ, რომელმაც გაბედა და საგარეო უწყებასთან შეთანხმების გარეშე ღირსეული პოზიცია დააფიქსირა, საკითხზე საგარეო საქმეთა სამინისტრომ მსჯელობა უკვე დაიწყო.