რეკორდსმენი მდინარაძე - "ოცნების" დეპუტატები საწვავს ხარჯავენ მაშინაც, როცა ქვეყანაში არ არიან

გამოქვეყნდა:

კვლევა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია IDFI-მ გამოაქვეყნაა ბევრ კითხვას აჩენს. მამუკა მდინარაძე ერთ-ერთია თანაგუნდელებს შორის, რომელიც რეკორდულად ბევრ საწვავს, თითქმის 8 000 ლიტრს  მოიხმარს. მდინარაძე ამბობს, რომ აქედან არც ერთ წვეთს პირადი საჭიროებისთვის არ ხარჯავს. 

მდინარაძის გარდა 7 000 ლიტრ საწვავზე მეტი ზაზა გაბუნიამ, დიმიტრი ხუნდაძემ, ილია ნაკაშიძემ და მათმა ყოფილმა თანაგუნდელმა აკაკი ზოიძემ დახარჯა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ეს დეპუტატები საწვავს მაშინაც მოიხმარდნენ, როცა საქართველოში არ იყვნენ. 

არც ერთ მათგანს დღეს ჩვენი კითხვებისთვის არ უპასუხია. ერთადერთი ქართული ოცნების ყოფილი წევრი აკაკი ზოიძე აღმოჩნდა, რომელიც ადასტურებს, რომ 7 ათას ლიტრს საწვავს ვერაფრით დახარჯავდა და პასუხისმგებლობას საკანონმდებლო ორგანოს ავტოპარკის მძღოლს აკისრებს და ორგანიზაციას ბოდიშის მოხდას სთხოვს. 

პანდემიის დროს, მაშინ როცა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომაროება მოქმედებდა, არც კონფერენციები იმართებოდა, არც ამომრჩეველთან შეხვედრა და 9 საათის შემდეგ ქუჩაში გასვლა იყო შესაძლებელი, საგანგებო მიზეზის გარეშე, მმართველი გუნდის დეპუტატების საწვავის ხარჯები ოდნავაც არ შემცირებულა.  

ამ დროის რეკორდსმენებს შორის მმართველ გუნდთან ერთად ირმა ინაშვილიც არის. ყველაზე მეტი საწვავი კი "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა დახარჯა. ამბობს, რომ შშმ პირებს ეხმარებოდა.

მმართველი გუნდის წევრები ამტკიცებენ, რომ ბიუროკრატიული ხარჯები პარლამენტმა მინიმუმამდე დაიყვანა. იგივეს ამტკიცებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე. უფრო მეტიც, გიორგი კაკაურიძე თვლის რომ კანონმდებლები ხელფასების მომატებასაც კი იმსახურებენ. 

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ მმართველი გუნდის დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოს ანგარიშზე არსებული საწვავს პირადი საჭიროებისთვის ხარჯავენ.

​მაშინ, როდესაც ხელისუფლება  ქუთაისიდან პარლამენტის გადატანის აუცილებლობაზე საუბრობდა, ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად საწვავის ხარჯის შემცირებას ასახელებდა, ახალი კვლევით გაირკვა, რომ ხარჯი პარლამენტის თბილისში გადმოტანის შემდეგ პირიქით - გაიზარდა. 

პარლამენტის ბალანსზე დარიცხულია 98 ავტომობილი, მათი უმრავლესობა 2015 წლის ტოიტა ქამრის მარკისაა ეს მაშინ, როცა მსოფლიოს სხვადასხვა, ბევრად მდიდარ ქვეყნებში, მაგალითად გერმანიაში სადაც 709 დეპუტატია, ავტოპარკში მხოლოდ 120 ავტომობილი ჰყავთ, საფრანგეთში კი 902 დეპუტატზე მხოლოდ 60 ავტომობილი მოდის, მხოლოდ საქართველოში ჰყავს 150 დეპუტატს ასამდე ავტომობილი და მხოლოდ საქართველოში შეძლო მმართველი გუნდის 5 დეპუტატმა 42 ათასი კმ გაევლო და 5 ათას ლიტრზე მეტი საწვავი დაეწვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი