საზღვრის დამდგენი კომისიის წევრის, ივერი მელაშვილის ადვოკატის განცხადებით, საქმეს პოლიტიკური კონტექსტი აქვს და სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო იყო. ამ აზრს იზიარებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებსაც გარეჯის თემაზე დაწყებული გამოძიება კითხვებს უჩენთ.
მოსამართლის გადაწყვეტილება, ჩვენი აზრით, იყო უკანონო და დაუსაბუთებელი. ბრალდების მხარეს არ ჰქონდა არცერთი მყარი არგუმენტი იმის, თუ რატომ უნდა გამოეყენებინათ ყველაზე მკაცრი ზომა - პატიმრობა. ამ საქმეს, რა თქმა უნდა, აქვს პოლიტიკური კონტექსტი, ეს ზედაპირზეც იგრძნობა და ამას ამბობს ბატონი ივერიც. ვინაიდან, გარკვეული დამთხვევები წინასაარჩევნოდ ამ საქმის წამოწევის, მისთვის ეჭვებს აჩენს, - ამბობს ადვოკატი.
მესამე სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქმეში პოლიტიკური ნიშნები ჩანს და ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის შეიძლება მძიმე აღმოჩნდეს.
ეს არ არის ახალი საქართველოსთვის, როცა წინასაარჩევნოდ დაწყებულა გახმაურებული საქმეების გამოძიება, თუმცა არ დასრულებულა იმ შედეგით, როგორი ზარ-ზეიმითაც დაუწყიათ გამოძიება. ის თუ როგორი პროკურატურა გვყავს საქართველოში, რამდენად დიდია მისი დამოუკიდებლობის ხარისხი, თუ ამის ანალიზსს გავაკეთებთ, მარტივად შეიძლება ვთქვათ, რომ კითხვები პოლიტიკურ მოტივაციაზე სავსებით ლოგიკურია, - ამბობს საიას-ს დირექოტრი, სულხან სალაძე.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ხელმძღვანელის, ეკა გიგაურის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან დავითგარეჯის თემით მოსახლეობაზე მანიპულაცია ხდება. ამ შემთხვევაში კი ექსპერტები იჩაგრებიან.
ISFED-ის დირექტორის, ელენე ნიჟარაძის თქმით, საქმეზე ბევრი კითხვა არსებობს, მათ შორის, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებით.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.