აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი საქართველოში ვერ ჩამოდის. სკანდალური საქმიდან სამი წლის შემდეგ, მუხთარლი საქართველოში ჩამოსვლას, დღეს გეგმავდა. მუხთარლის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:00 საათზე ელოდებოდნენ, თუმცა მოგვიანებით აეროპორტში შეფერხება შეიქმნა.
გერმანიის აეროპორტში, მუხთარლის, მისი ადვოკატის ცნობით, სამი მიზეზი უთხრეს, რის გამოც ის საქართველოში ვერ ჩამოვიდოდა:
ამ დროისთვის მუხთარლი და მისი ადვოკატი შესაბამისი უწყებებისგან განმარტებებს ელოდებიან. ისინი ამბობენ, რომ თუ რაიმე პრობლემა და რეგულაცია არსებობდა, მუხთარლის წინასწარ უნდა ცოდნოდა და განმარტებები ბილეთის ყიდვისას მიეღო.
სანამ უშუალოდ ჩასხდომა დაიწყებოდა, მანამ შეეძლოთ ეთქვათ ამ რეგულაციების შესახებ, - ამბობს მუხთარლის ადვოკატი, არჩილ ჩოფიკაშვილი.
მუხთარლის ადვოკატის თქმით, ჟურნალისტის საქართველოში ჩამოსვლა პროკურატურასთან, წინასწარი მიმოწერით ოფიციალურად ჰქონდა შეთანხმებული და პროკურატურა მუხთარლის დაკითხვას აპირებდა. თუმცა, მუხთარლიმ და მისმა ადვოკატმა, მხოლოდ დღეს, აეროპორტში მისვლისას გაარკვიეს, რომ რეგულაციები, რომლის თანახმად ჟურნალისტს საქართველოში არ უშვებენ, 7 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
აფგან მუხთარლის ცოლმა, ლეილა მუსტაფაევამ Facebook-ზე "ჯორჯიან ეარვეისის" თანამშრომლის, გიორგი ოკუჯავას ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც მუხთარლის პირადად ეკონტაქტებოდა. ოჯახი პრობლემების შექმნაში სწორედ მას ადანაშაულებს. მუხთარლის ცოლი, საქართველოს ხელისუფლებისგან განმარტებას ითხოვს.
Facebook-ზე სტატუსი, აფგან მუხთარლიმაც დაწერა და თქვა, რომ ივანიშვილმა მისი საქართველოში შემოშვება ვერ გაბედა. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება მშიშარაა.
აფგან მუხთარლის საქმეს, დღეს პროკურატურაც გამოეხმარურა. უწყების თქმით, მუხთარლი მათ 2020 წლის ივნისში დისტანციურად დაკითხეს და შესაბამისი ოქმი გერმანიიდან პირველ ოქტომბერს მიიღეს. მუხთარლის ადვოკატის თქმით, პირველ ოქტომბერს გერმანიიდან საქართველოში ჩამოსული ოქმი არ არის საკმარისი და გატაცების სურათს სრულყოფილად ვერ წარმოაჩენს.
მუხთარლის ადვოკატი ამბობს, რომ აუცილებელი იყო, რომ თავად მუხთარლის მიეღო მონაწილეობა საგამოძიებო მოქმედებებში, რომლითაც საქმეს უფრო მეტი ნათელი მოეფინებოდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა.
თვითმფრინავი, რომლის ბორდზე აზერბაიჯანელი ჟურნალისტი უნდა ყოფილიყო თბილისისკენ უკვე გამოფრინდა.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელ ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა. რისთვისაც, 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.