დღეს, 9 ოქტომბერს გერმანიიდან საქართველოში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დაბრუნდება. მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 18:00 საათზე ელოდებიან.
მისი უფლებადამცველის, არჩილ ფოჩიკაშვილის განცხადებით, მუხთარლი ყველაფერს გააკეთებს რაც მასზეა დამოკიდებული, რომ საქმე გაიხსნას.
ჟურნალისტი საქართველოსა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებს 2017 წლის მაისში თბილისიდან მის გატაცებას და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას ედავება. აფგან მუხთარლი სკანდალურ საქმესთან დაკავშირებით, პროკურატურისთვის ჩვენების მიცემას გეგმავს.
უწყებაში თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება წლებია დაწყებულია, თუმცა საქმეზე არავინ დაუკავებიათ და არც პასუხისგებაში მიუციათ ვინმე.
აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წლის მაისში გაიტაცეს და ბაქოს ციხეში გადაიყვანეს. აზერბაიჯანელი ჟურნალისტს ბრალად საზღვრის უკანონო გადაკვეთა, დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის გადატანა და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებოდა, რისთვისაც 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა სამი წლის შემდეგ გაათავისუფლეს და გერმანიაში ოჯახთან წასვლის უფლება მისცეს.