იმ დროს, როცა ყარაბაღის კონფლიქტი მიმდინარეობს, დავითგარეჯის თემის წამოწევა კრემლის სცენარია - საზოგადო პირები და ცნობადი სახეები ეხმიანებიან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების საქმეს და ამბობენ, რომ ახლა რუსეთის ოცნებაა, საქართველოს კონფლიქტი ჰქონდეს აზერბაიჯანთან.
საზოგადო პირები აპირებენ, საპროტესტო აქციები გამართონ და იმ აქციებშიც მიიღონ მონაწილეობა, რაც დაგეგმილია. მაგალითად, ლაშა ბუღაძე ამბობს, რომ ხვალ, 17:00 საათზე აუცილებლად მივა პარლამენტთან, რათა კომისიის წევრების დაკავება გააპროტესტოს.
"აქ არის ძალიან მძიმე მორალური ასპექტი, სადაც სრულიად უდანაშაულო ადამიანები ციხეში აღმოჩნდნენ, სადაც არ არსებობს დანაშაული, მაგრამ ხელისუფლების პროპაგანდა გვარწმუნებს, რომ მათ რაღაც დანაშაული აქვთ ჩადენილი. გლობალურად რომ შევხედოთ, საერთოდ ამ კონტექსტში, როდესაც ყარაბაღში მიმდინარეობს ომი, არის მავნებლობა, ერთი მხრივ ან სიბრიყვე, ან რაღაცნაირად მართლაც კრემლის ნებით თუ უნებლიედ შესრულებული დავალების აღსრულება, რომ კავკასიაში ყველა ერთმანეთის წინააღმდეგ იყოს ომში ჩაბმული, ამ შემთხვევაში დამატებით აზერბაიჯანთან დაძაბულობა გაუჩნდეს საქართველოს. კიდევ ერთი ასპექტი, რომ საერთოდ როგორ ვაზიარებთ, თუნდაც ამ გარეჯის საკითხზე, ამ ძალიან დელიკატურ და ძალიან მგრძნობიარე სასაუბრო თემას, როდესაც კომისიის წევრებს საქართველო აკავებს, რა ნდობაზე არის, თუნდაც აზერბაიჯანის მხრიდან მომავალში საუბარი", - ამბობს ლაშა ბუღაძე.
მისივე თქმით, როცა საქართველოს ხელისუფლება უარგუმენტოდ სჯის თავის ექსპერტებს, ეს მოქმედებს ნდობაზეც და სამომავლოდ, როცა დელიმიტაციის სამუშაოები განახლდება, აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს მიმართ ნდობა არ იქნება.
მწერალი და ტელეწამყვანი ჰერმან საბო ამბობს, რომ ხელისუფლება ერთი-ერთში მიჰყვება რუსულ გეგმას და ეტყობა, მიიჩნევს, რომ ეს, შიდაპოლიტიკურ ასპექტში, ქულების მომტანია:
"ერთი-ერთი მიჰყვებიან ამ რუსულ დაკვეთას და ამაში, როგორც ჩანს, შიდაპოლიტიკურადაც თვლიან რომ ეს ქულების მომტანია. რა თქმა უნდა, ეს არის აბსოლუტურად წინასაარჩევნო ამბავი, რომელიც ემთხვევა რუსულ ინტერესებს, და ფორმალურ დონეზეც კი სამართლებრივად სრული აბსურდია ამ ადამიანების პატიმრობა, მათ შორის წინასწარი პატიმრობა და გასაგებია, რომ ეს ამბავი გათვლილი არ არის თუნდაც სამართლებრივ ნაწილში, ეს არის ამ ხალხის იზოლირება, რომ საინფორმაციო ომში არ წააგონ, თუ ეს ადამიანები გარეთ იქნებიან და შესაძლებლობა ექნებათ უბრალოდ ახსნან და მოჰყვნენ როგორ მუშაობდნენ, ბატონი ივერი მუშაობდა სამი ერთმანეთთან დაპირისპირებული ხელისუფლების პირობებში ამ კომისიის თავმჯდომარედ და სრული აბსურდია, არავის არ დაუყენებია მისი კომპეტენტურობა კითხვის ნიშნის ქვეშ", - ამბობს ჰერმან საბო.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს ორივეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია, ხოლო ნატალიამ ილიჩოვამ განაცხადა, რომ იმ რუკების მიხედვით, რომელთა დამალვასაც მათ ხელისუფლება ედავება, დავითგარეჯის ნაწილი იკარგება და აზერბაიჯანთან საზღვარი ჩიჩხიტურის კოშკზე გადის.