ივერი მელაშვილს მისი ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი გლდანის ციხეში შეხვდა. შეხვედრიდან გამოსული უფლებადამცველი ამბობს, რომ საქმის მასალებში არ დევს ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები. მარიკაშვილის თქმითვე, გამოძიება ცალმხრივია, სადაც მხოლოდ ბრალმდების ინტერესები არის გამოკვეთილი.
ეს განჩინება უნდა გასაჩივრდეს, აუცილებელი იყო დაცვის ქვეშ მყოფთან ამაზე მესაუბრა. რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და მივუთითებთ იმ ფაქტობრივ და ფორმალურ უსწორებებზე, რომელიც სასამართლომ ამ შემთხვევაში გამოიყენა, დაეყრდნო. მივუთითებთ იმაზე, რომ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ბატონი ივერი ბოლომდე აპირებს ბრძოლას ამ საქმეში - საქმის მასალებში ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ დევს. კომისიის წევრების ჩვენებები დევს, კომისიის თავმჯდომარეების ჩვენებები დევს. მამა კირიონის ჩვენებაა და ექსპერტის დასკვნაა რამდენიმე. ეს გამოძიება არის ცალმხირი და მხოლოდ ბრალდების ინტერესები არის გამოკვეთილი, - ამბობს მელაშვილის ადვოკატი
ცნობისთვის, მელაშვილი-ილიჩოვას საქმე, შესაძლოა, სტრასბურგამდე მივიდეს - ადვოკატები ქართულ სასამართლოს არ ენდობიან
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.