მელაშვილი-ილიჩოვას საქმე, შესაძლოა, სტრასბურგამდე მივიდეს - ადვოკატები ქართულ სასამართლოს არ ენდობიან

გამოქვეყნდა:

ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას  ადვოკატები პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებენ. პატიმრობის შეფარდებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა ქართულ სასამართლოს არ ენდობიან და აცხადებენ, რომ ყველა ინსტანციის გავლის შემდეგ სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

აბსურდული ბრალდებით დაკავებულთაგან ივერი მელაშვილს მისი ადვოკატი ედუარდ მარიკაშვილი გლდანის ციხეში შეხვდა.

ეს განჩინება უნდა გასაჩივრდეს, აუცილებელი იყო დაცვისქვეშ მყოფთან ამაზე მესაუბრა. რა თქმა უნდა ამ გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ და მივუთითებთ იმ ფაქტობრივ და ფორმალურ უსწორებებზე, რომელიც სასამართლო ამ შემთხვევაში გამოიყენა, დაეყრდნო. მივუთითებთ იმაზე, რომ არ არსებობდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძველი. ბატონი ივერი ბოლომდე აპირებს ბრძოლას ამ საქმეში - საქმის მასალებში ბრალდების დამადასტურებელი მტკიცებულებები არ დევს. კომისიის წევრების ჩვენებები დევს, კომისიის თავმჯდომარეების ჩვენებები დევს. მამა კირიონის ჩვენებაა და ექსპერტის დასკვნაა რამდენიმე. ეს გამოძიება არის ცალმხირი და მხოლოდ ბრალდების ინტერესები არის გამოკვეთილი, - ამბობს მელაშვილის ადვოკატი 

მარიონეტად ქცეული სასამართლოს მხრიდან პატიმრობის შეფარდება არ გაკვირვებია ივერი მელაშვილის მეუღლეს. 

თამარ სულაძე ამბობს, რომ არჩევნების წინ ხელისუფლებას დიდი სპექტაკლი ჰქონდა დაგეგმილი და მისი ქმარი ხელისშემშლელი აღმოჩნდა. მისივე თქმით, სასამართლო "ზემოდან მართულია" და იმ გადაწყვეტილებას იღებს, რასაც უბრძანებენ.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი