"იქამდე მივიდნენ, რომ პოლიტიკა და პოლიტიკაც აღარ უნდა ავურიოთ" - ბიბილაშვილი დავითგარეჯზე

გამოქვეყნდა:

"ილია ჭავჭავაძის ცენტრის" დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი ამბობს, რომ რუსული სტილი და ხელწერაა, "ოცნების" მხრიდან იმის თქმა, რომ დავითგარეჯის საქმის პოლიტიზება დაუშვებელია. ამის შესახებ მან "მთავარი არის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა. 

მოვიდნენ იმით, რომ სპორტი და პოლიტიკა არ აურიოთ, ხელოვნება და პოლიტიკა არ აურიოთ, ახლა მივიდნენ იქამდე, რომ პოლიტიკა და პოლიტიკაც აღარ უნდა ავურიოთ. ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიზირებულია, თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია, სხვა შემადგენელი მას არ გააჩნია, - თქვა ზაზა ბიბილაშვლმა. 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი