კიდევ ერთი სკანდალური საქმის ფიგურანტმა დღეს საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო. აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი, რომელიც თბილისის ცენტრიდან გაიტაცეს და საბოლოოდ ბაქოს ციხეში აღმოჩდა, ახლა გეგმავს იმის დამტკიცებას, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებული ფარული სპეცოპერაცია ქართული და აზერბაიჯანული სპეც -სამსახურების მიერ იყო შესრულებული. ციხეში გატარებული სამი წლის შემდეგ მუხთარლი საქართველოს პროკურტურისთვის ჩვენების მიცემას აპირებდა, თუმცა გერმანიის აეროპორტში მისული ჟურნალისტი თვითმფრინავის ბორტზე არ აუშვეს.
უარის მიზეზად მას რამდენიმე ფაქტორი დაუსახელეს, საბოლოოდ კი მას უთხრეს, რომ ბორტზე არაშვებისა და იმის მიზეზი, რომ საქართველოს საზღვარი მისთვის ჩაიკეტა, კოვიდ19-თან დაკავშირებული ახალი რეგულაციებია.
"მე მივდიოდი თბილისში იმისთვის, რომ ჩვენება მიმეცა და გატაცების ადგილი მეჩვენებინა, პროკურატურამ მომიწვია, ოფიციალური მიწვევა მქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, საქართველოში მაინც არ შემიშვეს", - ამბობს აფგან მუხთარლი "მთავართან" სატელეფონო საუბარში.
შეგახსენებთ, აფგან მუხთარლი თბილისის ცენტრიდან 2017 წელს გაიტაცეს და ამ ხნის განმავლობაში გამოძიებას პასუხი არ გაუცია შეკითხვაზე, ვინ გაიტაცა და გადაიყვანა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ჟურნალისტი.