ევროპარლამენტარების წერილი, რომელსაც 22 დეპუტატი აწერს ხელს გიორგი გახარიამ დღეს რამდენიმე საათის წინ მიიღო. უმწვავესი დოკუმენტის ავტორი „მწვანეთა პარტიის“ წევრი ჩეხი მარკეტა გრეგორავაა.
თუმცა მის პოზიციას არამხოლოდ „მწვანეები“, „ევროპის სახალხო პარტიისა“ და „ქართული ოცნების“ პარტნიორი „სოციალ-დემოკრატების“ 5 დეპუტატი უერთდება.
ევროპარლამენტარებმა ღია წერილის გამოგზავნა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ასოცირების საბჭოზე საქართველოსთან დაკავშირებული „ოცნებისთვის“ მიუღებელი მწვავე დოკუმენტი ჩავარდა.
„სტრასბურგში გამართულ ბოლო საპარლამენტთაშორისო შეხვედრაზე ჩვენ ვთქვით, რომ ღია წერილი იქნებოდა. ნაწილობრივ იმიტომ, რომ მაშინ ვერ დავამტკიცეთ საბოლოო დოკუმენტი, ჩვენ ამ წერილით საქართველოს მთავრობისთვის გვინდოდა გვეთქვა, თუ რომ რატომ არის შეშფოთებული ევროპარლამენტი საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მეორეს მხრივ კი, ჩვენი ინსპირაცია გახდა ამერიკელი კოლეგების წერილები, რის შემდეგაც გადავწყვიტეთ, რომ ჩვენც როგორც მოკავშირეებს ევროპარლამენტარებს, გამოგვეხატა ჩვენი წუხილი საქართველოს მთავრობის მიმართ ქვეყანაში დემოკრატიის უკუსვლის გამო“, - ამბობს მარკეტა გრეგორავა.
„მთავართან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ევროდეპუტატი ამბობს, რომ მომავალ კვირას ევროპარლამენტარები რეზოლუციის მისაღებად ემზადებიან, სადაც ყველა ის მთავრი გამოწვევა იქნება ასახული, რომლის გამოც ევროპელი პარტნიორები შეშფოთებულები არიან - პროპორციული არჩევნები, რომლის გამოც საქართველოში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო, არაგამჭვირვალე სასამართლო და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, ეს არის ის მთავარი საკითხები, რის გამოც ევროპა „ოცნების“ მიმართ შეშფოთებას გამოხატავს.
„პირველ რიგში ეს არის საარჩევნო სისტემა, რომელზეც მოლაპარაკებები უნდა გაგრძელდეს. ყველა პარტია უნდა იყოს ჩართული პროცესში, რადგან თუკი არ იქნება შეთანხმება, მაშინ ქვეყანაში კიდევ უფო მეტი დემონსტრაციები გაგრძელდება, რასაც შეიძლება მეტი ძალადობა მოჰყვეს, ეს კი არავის უნდა. გიგი უგულავას დაკავება და პოლიტიკურად მოტივირებული საქმეები, წინააღმდეგობრივი დანიშვნები სასამართლოში, ჩვენს შეშფოთებას იწვევეს“, - განაცხადა გრეგორავამ.
თუკი ხელისუფლება პარტნიორების შენიშვნებს არ გაითვალისწინებს, მაშინ ევროკავშირსა და აშშ-იც კონკრეტულ ქმედებებზე გადავლენ. ხელისუფლების ოპონენტებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ ბრიუსელში უკვე ამუშავებენ ივანიშვილზე ზემოქმედების ბერკეტებს.
განსხვავებულია „ოცნების“ დამოკიდებულება. მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ჩეხი დეპუტატების პოლიტიკური კუთვნილება არ მოსწონს და მასში სანდოობას არ იწვევს.
ერთ კვირაში საქართველოში ევროპარლამენტის მომხსენებლის სვენ მიქსერის ვიზიტი იგეგმებოდა, თუმცა, კორონავირუსის გავრცელების გამო, მან ვიზიტი გადადო.