მელაშვილის და ილიჩოვას ადვოკატები პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებენ

გამოქვეყნდა:

დაპატიმრებული კარტოგრაფების ადვოკატები სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით გაასაჩივრებენ. ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას უფლებადამცველები ამბობენ, რომ მოსამართლე დავით კურტანიძის გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, რადგან საქმეში დაკავებულთა ბრალეულობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება არ დევს.

ილიჩოვას ადვოკატმა გადაწყვეტილება უკვე გაასაჩივრა, ის აცხადებს, რომ კარტოგრაფებს კომისიის რომელიმე წევრზე გავლენის მოხდეnა არ შეეძლოთ. 

ვითხოვთ თბილისის საქალაქო სასამართლოს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების შეცვლას, პატიმრობის გაუქმებას და მის ნაცვლად გირაოს, 20 000 ლარის ოდენობით. ბრალდება აპელირებს იმაზე, რომ ქალბატონი ნატალიას კაბინეტიდან ამოღებულ იქნა რუკა, რომელსაც ის უმალავდა კომისიას, ამ რუკის შესახებ კომისიისთვის ცნობილი იყო, ბრალის აფსურდულობა აქედანაც ჩანს, - თქვა ადვოკატმა, სულხან კომახიძემ.

ადვოკატის თქმით, თუ ბრალდებას გონიერება ეყოფა საქმეს თვითონ შეწყვიტავს და დაკავებულებს გაათავისუფლებს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი