ოპოზიციის წარმომადგენლები დავითგარეჯის საქმეზე კარტოგრაფების დაპატიმრებას აფასებენ და ამბობენ, რომ ივანიშვილს ორი მიზანი აქვს. თავი მხრივ, ეს არის წინასაარჩევნო პიარკამპანია, რომ, თითქოსდა, ხელისუფლება ზრუნავს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და გარეჯზე. მეორე მხრივ კი, "ოცნების" საბოლოო მიზანი საქმიდან მიხეილ სააკაშვილზე გასვლა და მისი დადანაშაულებაა.
ეს საქმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურია. დაკავებული მელაშვილი და ილიჩოვა არიან ტუსაღები, რომელთა გამოყენებაც წინასაარჩევნო მიზნებისთვის უნდათ და კიდევ ერთი მცდელობაა, რომ ტალახი ესროლონ წინა ხელისუფლებას, - ამბობს "ვეროპული საქართველოს" წევრი, სერგი კაპანაძე.
ამასთან, ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ არჩევნების წინ ასეთი თემის წამოწევა და მისით "ვაჭრობა" სხვა არაფერია, თუ არა უპასუხისმგებლობა.
როგორ შეიძლება დავიჯეროთ ხელისუფლებისგან, რომ არჩევნებიდან 3 კვირით ადრე დაწყებული გამოძიება ემსახურება სახელმწიფო ინტერესების დაცვას მაშინ, როცა "ოცნება" 8 წელია მშვიდად უყურებს ბორდერიზაციის პროცესს? ბუნებრივია, გარეჯის საქმე არის მორიგი წინასაარჩევნო ჩანაფიქრი, რომელიც კრახით დასრულდება, - ამბობს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ანზორ ბიწაძე.
აქვე გეტყვით, რომ კარტოგრაფების საქმეში, მამა კირიონის ჩვენების შემდეგ, რამდენიმე ახალი ფიგურანტი გამოიკვეთა. მათ შორის არიან, ირაკლი ღარიბაშვილი და მინდია ჯანელიძე. "მთავარი არხი" დაინტერესდა, როგორ განმარტავენ მმართველ გუნდში დავითგარეჯის საქმეში ხელისუფლების ძველი და მოქმედი წარმომადგენლების მონაწილეობას. არჩილ თალაკვაძე მხოლოდ იმას ამბობს, რომ ეს არის "ზეპარტიული, ეროვნული მნიშვნელობის საკითხი და სახელმწიფო ყველანაირად შეეცდება, საქმის სამართლებრივ გამოძიებას".
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებებთ, რომ ახლადმოძიებული რუკები, რომლებიც საქართველოს უკეთეს პირობებში აყენებს, გამოვიყენოთ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების პროცესში. ჩვენ ამ საქმეს პოლიტიკურ განზომილებაში არ ვხედავთ, ეს არის ზეპარტიული საკითხი. საზოგადოებამ შეაფასოს, რას ემსახურება ოპოზიციის ორკესტრირებული რეაქციები და რატომ იმართლებენ ისინი თავს, - ამბობს პარლამენტის თავმჯდოამრე, არჩილ თალაკვაძე.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც, როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის, დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.