რუსული სცენარი და თვითგადარჩენის მცდელობა - რუსთაველზე კარტოგრაფებს სოლიდარობას უცხადებენ

გამოქვეყნდა:

ამ წუთებში პარლამენტის წინ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. მოძრაობა "სირცხილიას" ორგანიზებულ სოლიდარობის აქციაში მონაწილეობას სამოქალაქო აქტივისტები და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ასევე პოლიტიკოსები იღებენ.

აქციას შეუერთდა ივერი მელაშვილის მეუღლე თამარ სულაძე. სამოქალაქო აქტივისტი ნოდარ რუხაძე ამბობს, რომ აქციის მიზანი სწორედ ეს იყო - დაკავებულთა ახლობლებისთვის ეჩვენებინათ საზოგადოების სოლიდარობა. 

"ჩვენ გვყავს კიდევ ორი პოლიტპატიმარი, ეს არის მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმის, გიორგი რურუას საქმის გაგრძელება და 31 ოქტომბერს საზოგადოება ხელისუფლებას მოუწყობს ყველაზე დი აქციას, რომელიც დილის რვა საათზე დაიწყება, როცა საარჩევნო უბნები გაიხსნება", - თქვა ნოდარ რუხაძემ.

აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, სასამართლომ კი ორი კარტოგრაფის დაპატიმრებით ხელისუფლების დაკვეთა შეასრულა.  სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ რუკების საქმის ახლა წამოწევით   მმართველი პარტია რუსულ სცენარს ახორციელებს და წინასაარჩევნოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობს.

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი