"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი დაკავებულ კარტოგრაფებს, ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას, "პოლიტიკურ მსხვერპლს" უწოდებს. ამის შესახებ მან "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "დღის სტუმარი" ისაუბრა.
სამადაშვილის თქმით, არ შეიძლება სახელმწიფოში ფეხქვეშ თელავდნენ მოქალაქის ყველანაირ უფლებას.
"ორი ადამიანი გახდა მსხვერპლი პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული მართლმსაჯულების - ქვეყანაში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და ასევე არ არსებობს მოქალაქე, რომელიც არის დაცული. პირველ რიგში ჩვენ ვიცავთ ჩვენს უფლებებს, რადგან შეუძლებელია ჩვენ ვიცხოვროთ ასეთ საზოგადოებაში - რომ დავასრულოთ უკანონობა, რეჟიმი, რომელიც ფეხქვეშ თელავს ადამიანების ცხოვრებას, საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის, ამისთვის ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს 31 ოქტომბერს. იმის გარდა, რომ საზოგადოებამ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ასევე ჩვენ აქტიურ რეჟიმში უნდა ვიყოთ არჩევნებამდეც, ხოლო ხმა არჩევნებზე უნდა მისცეს საზოგადოებამ ახალ ხელისუფლებას. ჩვენი ვალდებულებაა ვიყოთ აქტიური მოქალაქეები, რადგან ჩვენს უკან დგას ჩვენი მომავალი", - ამბობს სალომე სამადაშვილი.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.