
"მთავარი არხის" გადაცემაში "მთავარი დებატები" 2018 წელს გარდაცვლილი ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას შვილი, ადვოკატი ბაჩანა შენგელია ამბობს, რომ სისტემა უდანაშაულო ადამიანებს უშვებს ციხეში, რადგან კარტოგრაფების საქმეზე გადაწყვეტილება სწორედ იმ მოსამართლემ მიიღო, რომელმაც მას დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭა.
„ჩემთვის ეს დაკავება, რაც გუშინ განხორციელდა, არის ნიშანი იმისა, რომ სისტემის მსხვერპლებს ეცვლებათ მხოლოდ სახელი და გვარები და არ იცვლება სისტემა. საკმაოდ დიდი ხანია ჩვენ ვადევნებთ თვალყურს უდანაშაულო ადამიანების ციხეში გაგზავნას, ადამიანების გარდაცვალებას ძალადობის შედეგად. ამის თვალსაჩინო მაგალითი იყო 2018 წლის არჩევნები, როდესაც სისტემა პირადად დედაჩემს შეეხო.
ყველა დეტალი იმ საქმის ჩემთვის ცნობილია და მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ტომი არსებობს პროკურატურაში, დღემდე არანაირი შედეგი არ დამდგარა და დღემდე ერთადერთ იმედად სტრასბურგის სასამართლო მაქვს.
რაც შეეხება გუშინდელ დაკავებას, მე ძალიან მენიშნა მოსამართლის სახელი და გვარი, დავით კურტანიძე, რომელმაც ჩვენ საქმეში ჩაიდინა წარმოუდგენელი რამ. როდესაც ადამიანის გარდაცვალებაზე მიმდინარეობს საქმის გამოძიება, მისი უფლებამონაცვლე აუცილებლად უნდა მიიჩნიო დაზარალებულად - ეს არის კანონის მოთხოვნა და სასამართლომ არა თუ არ დააკმაყოფილა ჩემი ეს მოთხოვნა, სხდომაც კი არ გამართა და არც მომისმინა. როგორც კი ვნახე, ვიცოდი, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებული იყო, ის არ არის მოსამართლე, ის არის გამხმოვანებელი, რომელმაც ისეთი ბინძური შეკვეთა შეასრულა ჩვენს შემთხვევაში, რომ აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი, იმავეს იზამდა გუშინაც.“ - ამბობს ბაჩანა შენგელია.
შეგახსენებთ, ბაჩანა შენგელიას დედა ია კერზაია ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი იყო. 2018 წელს ის განათლების სამინისტროსა და "ქართული ოცნებისგან" განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო რამდენჯერმე გახდა მმართველი პარტიისა და ხელისუფლების მხრიდან თავდასხმის ობიექტი.
მისდამი დაქვემდებარებულ სკოლაში, ანონიმური წერილის საფუძველზე, რამდენჯერმე ჩატარდა აუდიტორული შემოწმება, რა დროსაც დარღვევები ვერ აღმოჩინეს, მაგრამ პარალიზებული იყო სასწავლო პროცესი, პედაგოგებსა და დამლაგებლებსაც კი ხისტი მეთოდებით კითხავდნენ და ცდილობდნენ, დირექტორის საწინააღმდეგო ცნობების მოპოვებას.
ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ ყოფნამ ია კერზაიას ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედა, ის ინსულტის შედეგად ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რამდენიმე დღეში გარდაიცვალა.