
ჩვენმა "არქიფო სეთურმა" მოწყალება გამოიღო და წინასაარჩევნოდ თბილისელებს ის იპოდრომი დაუბრუნა, რომელიც რეალურად, მათვე ეკუთვნოდათ. მაგრამ რა ვქნათ, რომ იპოდრომის გარდა დასაბრუნებელი კიდევ ბევრია?
ბიძინა ივანიშვილმა დაისაკუთრა ამ ქვეყნის მიწაც, წყალიც და ცაც. დიახ, რაც არ უნდა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, საქართველოს ცის ნაწილი ბიძინა ივანიშვილმა მიისაკუთრა. უფრო კონკრეტულად თუ გაინტერესებთ - აბასთუმნის ცა, რომელიც მთავარ საფრენ ტრასად ითვლება, ამა წლის ოქტომბრიდან მის მფლობელობაშია. ბიძინა ივანიშვილმა აქ თვითმფრინავების გადაფრენა აკრძალა. ეს ახირება კი "ქართული ოცნების" დეპუტატმა, რომან კაკულიამ, ასე სასაცილოდ, მათივე მშობლიურ ენაზე, რომ ვთქვათ - "გაუპრავა"
დღეს აბასთუმნის ცა ჩაკეტა, ხვალ შეიძლება ქუთაისის ჩაკეტოს, ზეგ თბილისის და ასე, სანამ საბოლოოდ არ აქცევს ამ ქვეყანას გარე სამყაროსგან იზოლირებულ ისეთივე შუშის კოლბად, როგორშიც, წლებია, თვითონ ცხოვრობს.
ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა იყიდა აბასთუმნის ტუბდისპანსერი, იქიდან მძიმე პაციენტები გამოყარა და ახლა სასტუმროს აშენებას აპირებს.
ბიძინა ივანიშვილმა უნდა დააბრუნოს რაჭაში, შაორის ტბის მახლობლად არსებული უნიკალური ტყეც, რომელსაც 2013 წლიდან მოყოლებული ინტენსიურად ჩეხავს.
ბიძინა ივანიშვილმა სახელმწიფოს უნდა დაუბრუნოს იმ ელექტროენერგიის საფასური, რომელსაც საკუთარი ბიტკოინების ქარხნის ასაგუგუნებლად წლებია უფასოდ იყენებს.
ბიძინა ივანიშვილს ჩვენთვის ზღვაც კი დასაბრუნებელი აქვს. ზღვა, რომელიც შეკვეთილში არც მეტი არც ნაკლები საკუთარ რეზიდენციას მიუერთა.
ბიძინა ივანიშვილმა უნდა დააბრუნოს ლაგუნა ვერე, რომელიც აგერ უკვე 13 წელიწადია, რაც მიითვისა და ნაგავსაყრელად აქცია.
ბიძინა ივანიშვილმა უნდა დააბრუნოს თბილისის ბოტანიკური ბაღის მიტაცებული ნაწილი და თაბორის მთა, რომელიც საკუთარი ბიზნეს ინტერესების გამო ბეტონის ჯუნგლებად აქცია.
ბიძინა ივანიშვილმა უნდა დაგვიბრუნოს მთლიანად ეს ქვეყანა, რომელიც კრიმინალური სინდიკატების, კრებსითი ენზელ მკოიანების, უვიცი ჩინოვნიკებისა და მათი უვიცი ნათესავების სათარეშოდ აქცია.
ავტორი: ბექა ყორშია