უცნობი რუკა - შესაძლო პანდორას ყუთი, რომლითაც საქართველო კრემლის ხაფანგში აღმოჩნდება

გამოქვეყნდა:

რა საფრთეს შეიცავს უცნობი რუკა, რომელიც მოსკოვიდან ჩამოიტანეს - შესაძლოა, ეს ის პანდორას ყუთი აღმოჩნდეს, რომლის გახსნის შემდეგ საქართველო თავს კრემლის ხაფანგში გაჰყოფს.

საზღვარი, რომელიც  საქართველოს პროკურატურისთვის სადავოა, გარეჯის მიმდებარედ ჩიჩხიტურის ქედს მიუყვება. თუმცა, გამოძიების პოზიციით, საზღვარს ამ ქედის ძირში უნდა გაევლო და ამას რუსეთიდან საქართველოში საეჭვო გზებით ჩამოტანილი რუკით ასაბუთებს. 1936-38 წლებით დათარიღებული დოკუმენტის და ტერმინის "ისტორიული საზღვრის" გამოყენებით, პროკურატურა პანდორას ყუთს ხსნის, რაც საქართველოს, შესაძლოა ძალიან ძვირი დაუჯდეს. 

საზღვრის სადელიმიტაციო კომისიას, რომლის წევრებიც იყვნენ ივერი მელაშვილი და  ნატალია ილიჩოვა, მოლაპარაკებების საწყის წერტილად აღებული აქვს 1938 წელს ორმხრივად ხელმოწერილი რუკა, მასშტაბით 1:500 000. 1936-38 წლებში შედგენილი დოკუმენტით, რომელზეც პროკურატურა აპელირებს, საზღვრის დადგენის საკითხი გაცილებით უკან გადადის, როცა გასაბჭოების შემდეგ, ბოლშევიკებმა საქართველოს მიწები მის მეზობელ რესპუბლიკებს მიაკუთვნეს. 

ისტორიკოსი მანანა სანაძე განმარტავს, რომ გარეჯის საკითხზე მხარეები 1996 წელსვე ჩამოყალიბებულები იყვნენ და მთავარი პრობლემა საზღვრის სხვა მონაკვეთების შეთანხმება იყო. ახლა კი საქართველოს ხელისუფლება დავითგარეჯის საქმის მიმდინარე გამოძიებით ეჭვქვეშ აყენებს მისი ერთერთი მეზობელი სახელმწიფოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს. 

"მთავარმა" მოიპოვა 1942 წლით დათარიღებული საბჭოთა სამხედრო რუკები - მასშტაბით 1:200 000. ამ რუკებზე საზღვარი თითქმის იმეორებს ორმხრივი კომისიის მიერ გაკეთებულ მონიშვნებს და აქაც საზღვარი ჩიჩხიტურის ქედზე გადის. ამავე რუკით საზღვარი ორ საბჭოთა სახელმწიფოს შორის მდინარე ივრის კალაპოტზეა გავლებული, მაშინ როცა პროკურატურის მტკიცებით, საზღვარს გაურკვეველ ზოლზე უნდა გაევლო, რაც არც ერთ ლანდშაფტურ ნიშნულს არ ემთხვევა. როგორც გეოგრაფები ხსნიან, საბჭოთა კავშირის დროს ტოპოგრაფიული რუკები პერიდულად ახლდებოდა, და ზუსტდებოდა მასშტაბიც, მაგალითად 1:25 000-ზე.   

ყველაზე მთავარი კი გარეჯის საქმეში არც რუკაა და არც მისი მასშტაბები. გამოძიების მსვლელობაც, ბრალმდებლების რიტორიკაც და არგუმენტებიც კრემლიდანაა ნაკარნახევი. რუსული დაზვერვის არქივებიდან მოდის სადავო რუკაც და კავკასიის ორ სახლემწიფოს შორის ახალი ტერიტორიული დავის დაწყებაც რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს.   

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი