შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვარკეთილში "რიკო კრედიტის" დაყაჩაღების მცდელობის გამო 31 წლის ბ.ჭ დააკავეს. შემთხვავა დაახლოებით, გამთენიის 5 საათზე მოხდა.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული თბილისში, ჯავახეთის ქუჩაზე მდებარე, კომპანია „რიკო კრედიტის“ შენობაში, დღეს, გამთენიისას შეიჭრა და სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის გამოყენების მუქარით მოლარე ოპერატორს თანხა მოსთხოვა, - წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა, სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღი და ხელყუმბარა ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.
მომხდარზე გამოძიება ყაჩაღობის, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.