დაპატიმრებული კარტოგრაფების, ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას, მხარდამჭერი აქცია, თბილისის გარდა, ფოთშიც ჩატარდა.
ქალაქის ცენტრში შეკრებილები დაკავებულების სასწრაფო გათავისუფლებას ითხოვდნენ. აქციის მონაწილეების თქმით, ხელისუფლება უდანაშაულო, პროფესიონალ ადამიანებს რუსეთის დაკვეთით სჯის და კრემლის ინტერესი საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების დაძაბვაა.
აქცია ორგანიზატორი "ნაციონალური მოძრაობის" ფოთის რაიონული ორგანიზაცია იყო.
აქვე, კარტოგრაფების მხარდამჭერი აქცია გუშინ, 10 ოქტომბერს, თბილისშიც გაიმართა. ორგანიზატორი სამოქალაქო მოძრაობა #სირცხვილია იყო.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
არცერთი დაკავებული წარდგენილ ბრალს არ აღიარებს. ივერი მელაშვილს სასამართლო პროცესზე ემოციური გამოსვლა ჰქონდა, სადაც კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უდანაშაულოა და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ არასდროს უმუშავია.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილია, საზღვრის ხაზებით, რაც ,როგორც აღინიშნა, არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
ავტორი: ემა გოგოხია