ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დათმობაზე მიდის - „ოცნების“ გზავნილი არჩილ თალაკვაძემ გაახმოვანა

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპოზიციასთან დათმობაზე მიდის. „ქართული ოცნების“ პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ გაახმოვანა.

თალაკვაძის თქმით, მანდატებზე მოლაპარაკებამ უკვე არსებითი აზრი დაკარგა და არ აქვს მნიშვნელობა ხუთით მეტი მანდატი იქნება თუ ნაკლები.

ჩვენ შევძლებთ, კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ და ვცადოთ შეთანხმების მიღწევა. რაც შეეხება პროპორციების განაწილებას, 40-პროცენტიან პრინციპს თუ სხვა საკითხებს, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას, რომ ხელისუფლება და ჩვენი ქვეყანა მზად არის გადადგას გონივრული ნაბიჯები. მესმის, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტია საუბრობს ხუთით მეტ, ხუთით ნაკლებ მანდატზე, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მაშინ, როდესაც დაცულია მთავარი პრინციპები, მაშინ, როდესაც ჩვენ მზადყოფნა გამოვთქვით კანონმდებლობაზე მუშაობის და მისი დახვეწის, მანდატების რაოდენობა ხდება მეორეხარისხოვანი“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მმართველი ძალა იზიარებს ოპოზიციის ვარიანტს, რომელიც ხელისუფლების დაკომპლექტებაში უპირატესობას არჩევნებში 40-პროცენტიანი მაჩვენებლის მქონე პოლიტიკურ ძალას ანიჭებს.

ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, რაც იყო 40-პროცენტიან ზღვართან დაკავშირებით, სადაც მათ თქვეს, რომ თუ პოლიტიკური პარტია ვერ აიღებს 40%-ს ან მეტს, მას არ უნდა ჰქონდეს საშუალება, რომ დააკომპლექტოს მთავრობა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვთქვით ამაზე შემხვედრი პოზიცია. ჩვენთვის, პირიქით, ეს არის პრინციპული, არასდროს გვიფიქრია, რომ ხელისუფლება 40%-ზე ნაკლები მხარდაჭერის მქონე პარტიამ უნდა დააკმაყოფილოს. თუ მათ სურთ, ეს პრინციპი პირდაპირ ასე იყოს ასახული კანონმდებლობაში, ჩვენ ამაზე მზადყოფნა გავაკეთეთ“, - განაცხადა თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე ასევე, მძიმე შაბათ-კვირას აანონსებს, რადგან საარჩევნო მოდელის შეთანხმებული ვარიანტი ორშაბათისთვის უკვე მზად უნდა იყოს.

ვფიქრობთ, რომ ორშაბათამდე გვაქვს დრო, რომ გავმართოთ შემდეგი შეხვედრა და ვცადოთ საბოლოო შედეგის მიღწევა“, - ამბობს არჩილ თალაკვაძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი