რაც ჩვენია, ჩვენია. რაც ვიცით, ვიცით. ვერ წაგვართმევ. მიწა შეიძლება წაგვართვა, მაგრამ ბაქიბუქს ვერ წაგვმართმევ. აი, ზრდილობიანად უკურტუმო ყარაჩოხელობა რომ ქვია, იმას. ჰო, კიდევ ულტიმატუმებით ლაპარაკს ვერ წაგვართმევ. ეგეც ჩვენი ეროვნული სპორტია. ეროვნულ-პატრიოტული. რაც უფრო პატრიოტი ხარ, უფრო ხმამაღალ და მკვახე ულტიმატუმებს ისვრი. ერი თუ ბერი.
ამ ხალხის დამსახურებით გავიგეთ, რომ სუსი მხოლოდ პორნოს გადაღებისა და ფარული მიყურადებისთვის არ ყოფილა შექმნილი. რომ ხანდახან შეიძლება პირდაპირი მოვალეობაც შეასრულოს - აღძრას საქმე ეროვნული შუღლის გაღვივების მუხლით. მაგრამ მერე რა? ეპისკოპოსს რომელი დაიჭერთ? და მერე რას დაიჭერთ? თუნდაც შეურაცხყოფილი აზერბაიჯანული თემი ერთთავად გამოვიდეს ქუჩაში. მერე ირთვება სუსი-სა და ყვითელმატარებლიანი მედიის დამრტყმელი ძალები - და ყველაფერი ისევ ნაციონალების ბრალია.
შეიარაღებული ფორმირებები ვინ არიან, მიხვდებით - აზერბაიჯანელი მესაზღვრეები და ქართველთა ჯარი ვინაა? - სწორია, ქართულ მარშად წოდებული ფორმირება, რომელიც, ერთ-ერთი ევროპული დაზვერვის ოფიციალური ანგარიშით, რუსეთიდან ფინანსდება.
თქვენს წინაშეა ФСБ-ს გადაშლილი სახელმძღვანელო - საზოგადოებრივი დაძაბულობის გამწვავება ეთნიკური შუღლის გაღვივებით. განა საქართველო პირველია - ФСБ იმავეს აკეთებს შვედეთიდან შეერთებულ შტატებამდე. ლაინერს თუ კარგი ავტოპილოტი აქვს, შტურვალთან თუ გინდ მაიმუნი დასვი. აქაც ასეა - ტექნოლოგია იმდენად კარგად არის დამუშავებული, რომ კლოუნადის თავკაცობა ნებისმიერ ჩუნგა-ჩანგას შეგიძლია ჩააბარო.
გემოვნებაზე არ დავობენ. ალბათ ესაა რეპერტუარი, ჭეშმარიტად ეროვნული ძალა, რომ უნდა ჩადიოდეს შაბაშებს და მამულის, წინაპრების, დიდი გმირების, სარწმუნოების, კაი ყმებისა და წმინდა სალოცავების სადღეგრძელოებს შორის აზავებდეს და ვისაც ჩვენი "ვლადიმირსკი ცენტრალ" არ მოსწონს, იმის მრავალჟამიერზეც გავიარეთ.
ФСБ-ს სახელმძღვანელოს შემდეგი გვერდიდან - საზოგადოებრივი დაპირისპირების პროვოცირება უმცირესობების თემით. კაპიტანმა სამკლავური გაიკეთა? ცეცხლი მაგას და წუმწუმა!
ეგრეა, როცა სკოლის მე-6 კლასში ფიზიკას აცდენდი და პრიზმაში ფერებად დაშლილი სხივი არასდროს გინახავს. არა, განა მიზეზი არ გქონდა? ფიზიკის გაკვეთილზე არ შედიოდი იმიტომ, რომ კაბინეტში პორტრეტი ეკიდა და ეწერა "გეი-ლუსაკი". ამიტომ ვერ ისწავლე პლუსი და მინუსი და დარჩი ცალფაზიანად. სამაგიეროდ, ვერ გაგაპიდარასტეს.
იმას გაუხმეს ენა და სხვა ყველაფერი, ვინც ამბობს, "ქართული მარში" ქსენოფობიური ძალააო. ჯერ ერთი, ასეთ რთულ სიტყვებს ნუ იყენებეთ ამ პატიოსანი ხალხის გასაგონად. მეორეც - ქსენოფობები, რომ ყოფილიყვნენ, განა პირველები გამოენთებოდნენ პუტინის დედის დასაცავად, როგორც ეს 2019 წელს ძველ რუსთავი 2-თან ქნეს? შენა, ბიჭო, ატვეჩაი ხარ, ხვალ რომ დაგვბომბოს? ამ კითხვას, რომ სვამენ, ესე იგი, პაციფისტებიც არიან. ალბათ ამიტომაც არასდროს, არას დიდებით, ფეხი არ ჩაუდგამთ იქ, სადაც ქართული მიწის ნამდვილი ოკუპაცია მიდის. ტატუნაშვილები ტყუილად იხოცებიან. ესმინათ "ვლადიმირსკი ცენტრალისთვის" და ემღერათ ოკუპანტის, მათ ენაზე, ერთმორწმუნის ტელევიზიაში.
ФСБ-ს სახელმძღვანელოში არა, მაგრამ რიტორიკაში სწერია - ყველაფერი შესავლით უნდა დაიწყო კაცმაო. იმის შესავალს, რაც ზაფხულის ბოლოს ქნა, პატრიოტთა ალიანსი დიდ ხანი ამზადებდა. შეხვედრებით სახელმწიფო დუმაში, აქციებით და საქართველოს მთლიანობაზე ოფიციალური უარით.
ზუსტად საარჩევნოდ, პატრიოტთა ალიანსი უკვე აფხაზეთში აღმოჩნდა. როგორც ამბობენ, შეხვდნენ თვითგამოცხადებულ პრეზიდენტ ბჟანიას. საჯაროდ კი ილორში ხატი გადაიტანეს. არც ერთი საყვედური არ დასცდენიათ იმ მდგომარეობის გამო, რომელშიც ილორი ოკუპანტებმა ჩააგდეს. თუმცა სიტყვა ოკუპანტსა და ოკუპაციას ხომ აღარ ვიყენებთ. თუ მაინცდამაინც, ამ როლისთვის სხვაა შერჩეული - თურქეთი. საარჩევნო საპატრიოტოდ აჭარის დაცვაც საქართველოს დაცვად ჩაიწერება.
ФСБ-ს სახელმძღვანელოს ორ-სამ გვერდს კიდევ თუ გადავფურცლავთ, ვნახავთ ინსტრუქციას - გამოაცალე შინაარსი ყველა მნიშვნელოვან სიმბოლოს. მათ შორის სიტყვებს - პატრიოტი, ეროვნული, ქართული, ერთმორწმუნე, ოკუპაცია. ეს გენერალური გეგმაა. დეტალები კი წერია უფრო წვრილფეხა ФСБ-კგბ-შნიკების შედგენილ ინსტრუქციებში. წერია 4 საარჩევნო თვის ხარჯთაღრიცხვაც - 25 მილიონ ლარზე მეტი. არა, ბაგრატის ტაძრის ეზოში გამართულ პრეზენტაციას ნუ მიათვლით, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, ნატოზე გადაღებული რუსული პროპაგანდისტული ფილმების ჩვენებას, რომ აკურთხებს, თავისიანებს ამ წმინდა საქმეში ერთ თეთრსაც არ გამოართმევდა. ღმერთს ღვთისა - პუტინს პუტინისა.
ილიას სახლ-მუზეუმს კი 3 ათასი ლარი მაინც გამოურთმევია "ქართული მარშისთვის". სად ილია და სად შიხიაშვილიო, იკითხავთ? ФСБ-ს სახელმძღვანელოდან ეგ გაკვეთილი, ხომ უკვე გავიარეთ. ყველაფრის მიზანმიმართული გაუფასურება. ახლა ერის მამების პორტრეტები უნდა შეიცვალოს. არ ესროლოთ, შიხიაშვილია. წვეთოვანი არ შეუბღალოთ, ბრეგაძეა! გიტარა არ აურიოთ, კორკოტაა!
ФСБ-ს, როცა ვამბობთ, ბევრი რამ შეგვიძლია ვიგულისხმოთ. მაგრამ საკუთრივ ლუბიანკისა და კრემლის შემდეგ, უპირველესი ასოციაცია სხვა სამი ასოა. გაიგეთ თქვენი გაფუჭებულობის შესაბამისად. მე კი რპც-ზე მოგახსენებთ. მოსკოვის საპატრიარქოზე. კერძოდ, მის ბაქოს ეპარქიასა და ისტორიაზე, რომელიც რუკაზე ასე აქვს გაყალბებული. აღმოსავლეთ საქართველოს ნახევარი მოქცეულია ვითომ ისტორიული ალბანეთის საზღვრებში. ესე იგი გარეჯიც ამ კულტურის ნაწილია. მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი ალბანეთის ისტორიას 10 საუკუნით ახანგრძლივებს და მეთხუთმეტემდე მოჰყავს. ამიტომ აღარ გიკვირთ, როცა კითხულობთ, რომ გურჯაანისა და ბოდბის ტაძრებიც ალბანელებს აუშენებიათ.
დიდი ხნით ადრე ვიდრე ილჰამ ან ჰეიდარ ალიევამდე. დიდი ხნით ადრე ვიდრე აზერბაიჯანის რესპუბლიკამდე, დიდი ხნით ადრე ვიდრე ფსბ-კგბ-ნკვდ-ვჩკ-მდე ჩვენი ედინოვერეცი ძმა უკვე ფიქრობდა, როგორ აერდაერია ერები კავკასიაში. გუნდიაევსა და მის წინაპრებს ეს კარგად გამოსდი. ამიტომ როცა აზერბაიჯანელ მეცნიერთა გამტყუნებას შეუდგებით, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ გარეჯიცა და ბოდბეც ალბანურად რუსმა გამოაცხადა. ყველა მასშტაბიც რუკებიც მან დახატა და ისტორიის გადაწერაც მან დაიწყო.
აზერბაიჯანის ახალი საგარეო მინისტრი პირველად, რომ თბილისში ჩამოვიდა, შემთხვევით არ უქნია. სამ დღეში მისი დრონები ჰაერში აიწია და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებას გაუჩნდა ვაჭრობის საბაბი, დავითგარეჯი სომხეთის სამხედრო ტრანზიტის დაბლოკვის საფასურად.
მაგრამ ქოცი რის ქოცი იქნებოდა, ამაშიც არ მოექოცა? მიწების გაყიდვისა და ექსპერტების დაპატიმრებით მოიჭრა ტოტი, რომელზეც თავად იჯდა და რომელზეც ალიევსაც შეეძლო ჩამოჯდომა. ამბის გახმაურების შემდეგ რა ვარიანტები რჩება? რაკი გვეუბნებიან, რომ მიწები ვიღაცამ გაყიდა, უნდა გვითხრან, მყიდველი ვინ იყო. და რაკი ვარიანტი აქაც ერთადერთია, პირდაპირ ეთერშივე ბრიფინგზე უნდა თქვან, როდის აღძრა ივანიშვილის პროკურატურამ საქართველოს ისტორიული მიწების მისაკუთრებისთვის საქმე ილჰამ ალიევის წინააღმდეგ და როდის გამოაცხადა მასზე ინტერპოლის ძებნა. ამას თუ არ იზამს, მოუწევს აღიარება, რომ დანაშაულებრივი შეთქმულება არ შემდგარა. ხოლო, თუ იზამს, მოუწევს ბაირაქტარებისა და ისკანდერების მოგერიება გერმანული ფეხსაცმლით ლოვა, რომლითაც ომის მინისტრი და უკვე მთავარი კარტოგრაფი კარგი ბიჭი ირაკლი ასე ამაყობს.
ბერი რატომ გვასწავლის ბანქოს ცოდვილი თამაშის საიდუმლოს, ახლა ნუ ვიკითხავთ. ვიკითხოთ, ვინ გაწვრთნა კულუარული თამაშებისთვის ისე, რომ ყველა პრემიერმინისტრის კარს აღებს და ბოლოს თვით ივანიშვილთანაც შეაღწია.
გვერდზე დგომა ვნახეთ. დაავალა ФСБ-ს ოფიციალური ფილიალის, აფკ სისტემას ყოფილ ვიცე-პრეზიდენტ ხიდაშელს, დაედგა პატრიოტული სპექტაკლი თემაზე რუკის მოპოვება და ჩამოტანა. კარტოგრაფიაში ერი დღეს იმაზე უარესად ერკვევა, ვიდრე 2012 წელს ერკვეოდა პროქტოლოგიაში, ამიტომ ვინც დამჯერებელია, ისედაც დაიჯერებს. და ვინც დამვიწყებელია, დაივიწყებს, ვინ დაიწყო სასაზღვრო საკითხის სრულიად მოულოდნელი გამწვავება.
ФСБ-ს სახელმძღვანელოში წერია, რომ კრიტიკული აზროვნებით ამომრჩევლის მხოლოდ მცირე ნაწილი გამოირჩევა. ამიტომ ბევრმა შეიძლება არც გკითხოს - თუ გარეჯი სააკაშვილმა გაყიდა 15 წლის წინ, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები აქამდე რაღას ელოდნენ? მაშინვე, რატომ არ დაიკავეს პოზიციები? და, თუ მაინცდამაიანც ახლა ქნეს, რა ხელი აქვთ ამ საქმეში ზურაბიშვილებს, ღარიბაშვილებს, ზალკალიანებს, ნაცვლიშვილებს, ჯაღმაიძეებს, ჯამდელიანებს და, რაც მთავარია - მსხვილტარიანი ცოცხებისა და მსხვილმასშტაბიანი რუკების მსხვილმასშტაბიან მანიპულატორს - ბიძინა ბორის ივანიშვილს.