ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამწყვეტი 48 საათის ათვლა დაიწყო. ოპოზიციას და ხელისუფლებას შესათანხმებლად ორ დღე დარჩა. "მთავარმა არხმა" იმ ახალი დათმობების პაკეტის შესახებ გაარკვია, რაზეც თანხმდებიან.
"ქართული ოცნების" პოლიტიკური გზავნილებიდან, დაჟინებული მოთხოვნა 110/40-ზე გაქრა. ივანიშვილის პარტიის ლიდერები დღეს აღარ ამბობდნენ, რომ ამ საარჩევნო მოდელის გარდა, სხვა რამის განხილვას აზრიც კი არ ჰქონდა. პარლამენტის თავმჯდომარე ჟურნალისტებთან შესახვედრად დღეს საგანგებოდ იმის სათქმელად გამოვიდა, რომ ოპოზიციასთან შეთანხმების რესურსი არსებობს და ახლა მთავარია შაბათ-კვირას საგანგებო მოლაპარაკებები გაიმართოს, რომ საბოლოო მოდელზე შეთანხმდნენ.
ეს განცხადება ტოვებდა განცდას, რომ დასავლური კრიტიკის ფონზე, "ოცნება" ისევ დათმობაზე მიდის და მზად არის, რომ პროპორციულთან უფრო მეტად დაახლოებულ მოდელს დაუჭიროს მხარი. დღეს პოლიტიკური გარდასახვა ჰქონდა კახა კალაძესაც, რომელმაც თქვა, რომ სრულად პროპორციულ არჩევნებს მხარს უჭერს.
კრიზისის განსამუხტავად ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ ოცნებამ პოლიტპატიმრების გამოშვება უნდა დაიწყოს და ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრის კობა კოშაძის გამოშვება ამის კარგი მაგალითია. საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე კი ხელისუფლებიდან კონკრეტულ წინადადებას და ახალ პროპორციებს ელოდებიან.
"მთავარი არხის" ინფორმაციის, ხელისუფლება მზად არის დათანხმდეს რომ 31 ოქტომბერს ხალხმა 120 დეპუტატი პროპორციული საარჩევნო სისტემით და 30 მაჟორიტარული წესით აირჩიოს. ციხიდან კი ირაკლი ოქრუაშვილი, გიორგი რურუა, ბესიკ თამლიანი გათავისუფლდებიან.
მძიმე შაბათ-კვირის შემდეგ ოცნება საბოლოო გადაწყვეტილებას საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე სავარაუდოდ ორშაბათს 9 მარტს წარადგენს. მმართველო პარტია მზად არის კანონმდებლობაში ჩაწეროს დათქმა ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმზე. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ პარტიას მინიმუმ 40%-იანი მხარდაჭერა არ ექნება, მაშინ ის მთავრობის ფორმირებას ვერ შეძლებს.