
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში კორონავირუსზე ვაქცინაცია 2020 წლის ბოლოს ან მომავალ წელს დაიწყება და პირველ ეტაპზე საქართველო 600 000 - 700 000 დოზას მიიღებს.
ამასთან, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე გაირკვა, რომ საქართველოში დამატებით 25 000 ფრანგული წარმოების გრიპის ვაქცინა შემოიტანეს და ის რისკ-ჯგუფებზე განაწილდება.
თავის მხრივ, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, სახელმწიფო აქტიურად მუშაობს კომპანიებთან, რომ დამატებით 100 000 დოზა შეიძინოს - ეს იგეგმება ოქტომბრის ბოლოსა და ნოემბრის შუა რიცხვებისთვის. შარშანდელ მოცულობასთან შედარებით, გრიპის ვაქცინების რაოდენობა, ამ გზით, გასამმაგდება.
პირველ ეტაპზე ეს 25 ათასი დოზა გამოყენებული იქნება ყველაზე მაღალი რისკჯგუფებისთვის- ორსულები, მოხუცთა თავშესაფრების ბინადრებისა და ბავშვთა სახლების ბინადრები, ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებების - ბაღების პედაგოგები და მომვლელი პერსონალი, ასევე, შიდსიანი ავადმყოფები, ჰეპატიტიანი ავადმყოფები, ვინც გადიან მკურნალობას და დიალიზზე მყოფი პაციენტები.
შემდეგ უკვე, როცა დიდი პარტია შემოვა, აიცრებიან დანარჩენი დიდი რისკჯგუფები -სამედიცინო პერსონალი, დიაბეტიანი ავადმყოფები, ასევე, სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, ქრონიკული რესპირაციული დაავადებები და გულსისხლძარღვთა დაავადებები ვისაც აქვს, 65 წელს ზემოთ - ამბობს გამყრელიძე