ბრალდება დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, "ოცნება" ეკლესიის კალთას ამოეფარა - შეფასებები კარტოგრაფების საქმეზე

გამოქვეყნდა:

მეცნიერების, მკვლევარებისა და პოლიტიკოსების საერთო შეფასებით, "ქართული ოცნების" მთავარი მიზანი კრემლის ინტერესებით მოქმედებაა. თბილისის ხელშეწყობით და ხელოვნური ნაღმების გააქტიურებით მოსკოვი ცდილობს, უკიდურესობამდე დაძაბოს ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რეგიონში უმწვავესი სამხედრო კონფლიქტი მიმდინარეობს.

მმართველი პარტიის გარდა, უკვე ყველა ხედავს, რომ "ქართული ოცნების" ქმედებები არა მხოლოდ შიდაპოლიტიკური, არამედ რეგიონალური მნიშვნელობის უმწვავესი პრობლემაა, მაგრამ ხელისუფლებას  შეცდომის აღიარება არ უნდა.

თამარ მესხი, რომელიც 1968 წლიდან საქართველოს საპატრიარქოში მუშაობდა, დარწმუნებულია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსული ინტერესების გათვალისწინებით მოქმედებს და მამა კირიონიც რუსულ სცენარში ერთ-ერთი რგოლია - პირი, რომელიც მოღალატეობრივი ბრალდების გასაჟღერებლად ხელისუფლებამ გამოიყენა. მეცნიერ-მკვლევრის თქმით, აბსურდული ბრალდება საზოგადოებისთვის დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, "ქართული ოცნება" ანაფორას და ეკლესიის კალთას ამოეფარა.

მამა კირიონი, რომლის ჩვენებაც ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას წინააღმდეგ გამოძიების მთავარი იარაღია, ახლა აღარ საუბრობს. უცნობია, გრძნობს თუ არა ხელისუფლების ხელში თავს ბრმა იარაღად დაკავებული მეცნიერების და, რაც მთავარია, ქვეყნის წინააღმდეგ. ამბობს, რომ ყველა შეკითხვის ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა. 

ის, რასაც დავითგარეჯის ირგვლივ საქართველოს ხელისუფლება გეგმავდა და გეგმავს, არ შეიძლება ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდეს - სწორედ ამიტომ, მკვლევარი ლელა ჯეჯელავა დარწმუნებით ამბობს, რომ რუსეთი "ქართული ოცნების" დახმარებით იმ გეოპოლიტიკურ მიზნებს ისრულებს, რაც წლებია აქვს - დაძაბოს ურთიერთობები კავკასიაში, განსაკუთრებით - საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. 

ცალსახა რუსულ ინტერესებზე საუბრობენ პოლიტოლოგებიც. მათი შეფასებით, რუსეთი ცდილობს, რომ საქართველოდან და, ზოგადად, მთელი რეგიონიდან დასავლური ინვესტიციები, სამხედრო წარმომადგენლობა და პოლიტიკური ინტერესი გააქროს. 

საქართველოს ხელისუფლება ამ დრომდე ამტკიცებს, რომ აზერბაიჯანთან ტერიტორიულ დავას არ აპირებს, თუმცა არ განმარტავს, რა მიზანი ჰქონდა ქართული მიწის გასხვისების მცდელობის ბრალდებით დაწყებულ საქმეს და მეცნიერების დაკავებას. აზერბაიჯანი კი, თავის მხრივ, საქართველოს ურჩევს, შიდა პოლიტიკური და სამართლებრივი დავა ქვეყნის შიგნით გადაჭრას და თავი შეიკავოს ურთიერთობების გაუარესებისგან. 

მმართველი გუნდის გარდა, უკვე ყველა თანხმდება, რომ გარეჯის საქმე მხოლოდ მოახლოებული არჩევნების ბედის გადასაწყვეტად არ წამოჭრილა და ეს კავკასიაში მორიგი რუსული თამაშია, რომელმაც, შესაძლოა, დამოუკიდებელი ქვეყნები კვლავ ბევრი წლით უკან, საბჭოთა ეპოქაში, დააბრუნოს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი