პროკურატურამ "პიჯაკების საქმიდან" საკუთარი მოწმეები და ექსპერტები მოხსნა

გამოქვეყნდა:

საიდუმლო მასალების გაცნობის მოტივით, თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. "პიჯაკების საქმის" განხილვა დღეს დახურულ რეჟიმში გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ კი, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ საკუთარი მოწმეები და ექსპერტებიც გაიწვია, რომელთა ჩვენებაც საქმეში მთავარი მტკიცებულება იყო.

"მათ მოხსნეს ის ექსპერტები და აუდიტორები დასაკითხ პირთა სიიდან და უარი თქვეს სასამართლოს წინაშე მათი ჩვენებების და ექსპერტიზების გამოკვლევაზე, ვისზეც ემყარებოდა მთელი ეს ბრალდება. ვისზეც მთელი ამ 6 წლის  მანძილზე ჩვენ ვისმენდით, რომ, თითქოს, რაღაც მტკიცებულება ჰქონდათ; ვისზეც ამ 6 წლის მანძილზე ვისმენდით, რომ, თითქოს, არსებობდა რაღაც დოკუმენტები; ვისზეც ვისმენდით, რომ დაადასტურებდნენ თემო ჯანაშიას და მიშა სააკაშვილს ბრალეულობას. ესეთი მოწმეები და ესეთი მტკიცებულებები დღეს ბრალდების მხარემ მოხსნა", - ამბობს ადვოკატი ბექა ბასილაია.  

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი, თემურ ჯანაშია კი მიიჩნევს, რომ მტკიცებულებების არქონაზე საუბარი ხელისუფლების მხრიდან ცინიზმის გამოხატულებაა.

"პროკურატურამ გვითხრა ჩვენ, რომ ამ საქმეში ჩვენ მტკიცებულება არ გაგვაჩნიაო. თავიანთი ექსპერტები მოხსნეს, ეს არის ცინიზმი ამ ხელისუფლების, რომ 7 წლის მერე ადამიანს ეუბნები, რომ სინამდვილეში არაფერი მომხდარა", - ამბობს თემურ ჯანაშია. 

პიჯაკების საქმის განხილვა 10 ნოემბერს გაგრძელდება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას ბრალი საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვისთვის  აქვთ წარდგენილი. 

ცნობისთვის, "ადამიანის უფლებათა ცენტრმა" პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების ჩამონათვალში 20 საქმე მოხვდა. მათ შორისაა ე.წ. "პიჯაკების საქმეც". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი