
მწერალი, დათო ტურაშვილის თქმით, ყველა ხელისუფლებას ადანაშაულებს იმაში, რომ დავითგარეჯის საკითხზე აზერბაიჯანთან დიალოგში შესვლა ვერ გაბედა. მისი თქმით, ეს არ არის მტერი ქვეყანა, რომელსაც საკითხს ვერ ავუხსნით.
ეს იყო ყველაზე მთავარი შეცდომა, რომ პირველივე ჯერზე, თუნდაც შევარდნაძის, სააკაშვილის დროს, თუნდაც ახლა, არ უნდა შეგვეშინდეს სინამდვილეში იქ არაფერი არ არის რთული, სინამდვილეში ამ რუკების ძებნას აზრი არ აქვს. ჩვენთვის ყველაზე წამგებიანი რუკითაც კი მხოლოდ ბერთუბანია, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, დანარჩენი ჩვენ ტერიტორიაზეა. ეს არ არის მტერი ქვეყანა, ამ დიალოგის არ უნდა შეგვეშინდეს, ყველა ხელისუფლებას იმაში ვადანაშაულებ, რომ ვერ გაბედეს დიალოგში შესვლა, - თქვა დათო ტურაშვილმა.
ტურაშვილმა ამ თემაზე გადაცემა "ღამის მთავარში" ისაუბრა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.