გური ამირხანაშვილს თავისი ძმაკაცი რომ მოეძებნა, დღეს გიორგი შაქარაშვილი ცოცხალი იქნებოდა - ეს ბრალდებულ ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენებაა, რომელიც დაკავებულმა სასამართლოს ექვსი არასრულწლოვნის პროცესზე მისცა.
დაცვის მხარის განცხადებით, ვახტანგ ჩიქოვანი ყვება რომ "ტოიოტა ქემრის" მგზავრებმა შაქარაშვილის საქმის ოქროს მოწმედ წოდებულ გური ამირხანაშვილს თავისი მეგობრების, მათ შორის გიორგი შაქარაშვილის მოძებნა შესთავაზეს, რაზეც უარი მიიღეს.
არასრულწლოვანების პროცესზე გამოძახებული ტოიოტა ქემრის და მერსედესის მანქანების 4 მგზავრიდან - სასამართლოს ჩვენება მხოლოდ ვახტანგ ჩიქოვანმა მისცა. დანარჩენმა ბრალდებულებმა - ვასილ მახარაძემ, თენგო ბარბაქაძემ და ირაკლი მუმლაძემ ჩვენების მიცემაზე უარი თქვეს.
შეგახსნებთ, რომ 19 წლის ფეხბურთელი, გიორგი შაქარაშვილი 18-19 ივნისის ღამით გაუჩინარდა. საქმეზე, ამ დროისთვის, 18 პირია დაკავებული
პროკურატურამ 11 პირის საქმე ცალკე წარმოებად გამოყო, მათ ბრალად ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მასში მონაწილეობა, თავისუფლების უკანონო აღკვეთა და ძალადობა ედებათ. მათ დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
რაც შეეხება დამძიმებულ ბრალს, 11 აგვისტოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის ბრალდებით სისხლის სამართლებირვი დევნა 5 პირის მიმართ დაიწყო. ხუთივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.