
დაავადებათა ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ კორონავირუსის მეორე ტალღა დაწყებულია. ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ მეორე ტალღა ძლიერია რიცხობრივად, მაგრამ მსუბუქია სიმძიმის თვალსაზრისით.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ კოვიდსიტუაცია აჭარაში ნელნელა სტაბილურდება და ახლა საყურადღებოა თბილისი და იმერეთი.
გამყრელიძე ამბობს, რომ ქვეყანაში მკაცრი და მასშტაბური შეზღუდვები აღარ იქნება.
იმედი გვქონდა, რომ როგორც რესპირაციული ინფექცია, კორონავირუსი ზაფხულში შემცირდებოდა და შეიძლება გამქრალიყო. ამიტომ, დაავადების დასაწყისში ერთადერთი ბერკეტი მასთან ბრძოლის იყო მძიმე და მკაცრი შემზღუდველი ღონისძიებები, შემდეგ კაცობრიობამ გაიაზრა, რომ ეს არ არის მარტივი ინფექცია. მიუხედავად იმისა, რომ ინფექცია მსუბუქდება, არ გაქრა. ამიტომ, სლოგანი, რასაც ახლა ჩვენ ვიყენებთ არის, რომ ვისწავლოთ კორონავირუსთან თანაცხოვრება, რადგან ქვეყნები ვეღარ იქნებიან ჩაკეტილები- ამბობს გამყრელიძე.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის რეკორდულად მაღალი - 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი და გარდაიცვალა 7. როგორც ითქვა, 680 შემთხვევიდან 297 თბილისიდანაა, 189 კი აჭარიდან.