კარტოგრაფების საქმის ფიგურანტმა და რუკების მთავარმა წყარომ, დავით ხიდაშელმა, ჩვენებაში ბიძინა ივანიშვილი არ ახსენა. ეს მაშინ, როცა სატელევიზიო ინტერვიუებში რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენი პირდაპირ ამბობს, რომ რუკების მოძიება ივანიშვილმა სთხოვა.
აქედან გამომდინარე, დაპატიმრებულების ადვოკატები ბიძინა ივანიშვილისა და გამოძიების საეჭვო კავშირზე საუბრობენ. ყველაფერს ერთად კი საქმის პოლიტიზირებულობას უკავშირებენ.
ჩვენებაში დავით ხიდაშელი საერთოდ არ ახსენებს ბიძინა ივანიშვილს. ხიდაშელი ამბობს, რომ რუკების მოძიება მას ვინმე ბეჟან მაისურაძემ დაავალა. სატელევიზიო ინტერვიუში ივანიშვილის ფიგურანტობა მიუთითებს, რომ ხიდაშელმა ან მიზანმიმართულად დამალა ივანიშვილის დაინტერესება რუკებით, ან თავად გამოძიებამ არ ასახა ოქმში რეალური ჩვენება. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს საკითხის პოლიტიზირებულობასა და მოწმეებზე პოლიტიკური აქტორების ზეგავლენას, - ამბობს ადვოკატი გიორგი მშვენიერაძე.
გარდა ამისა, ადვოკატები კიდევ ერხელ უსვამენ ხაზს, რომ ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის ბრალეულობა საქმეში არსებული მასალებით საერთოდ არ იკვეთება. სწორედ ამიტომ, უფლებადამცველები ვარაუდობენ, რომ საქმე უახლოეს მომავალში შეწყდება.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ორივე მათგანს აღკვეთის სახით, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ავოტორი: ნინო ღვედაშვილი