
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტვ იმედის ეთერში რუსეთიდან დავითგარეჯის რუკის ჩამოტანას, რომლის დამალვის ბრალდებით ორი კარტოგრაფი დააკავეს, "სპეცოპერაცია" უწოდა და იქვე დაამატა, რომ ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთი სპეცოპერაციების დროს მონაწილეებს გმირებად აცხადებენ.
შეგახსენებთ, დავითგარეჯის 1936-38 წლების რუკები საქართველოში ჩამოიტანა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა და თავდაცვის უწყებას გადასცა, თუმცა მაშინ (2014წ) არათუ გამოძიება არ დაწყებულა, რუკებიც კი არ გასაჯაროებულა.
"რამდენიმე დღეში შევკარით სამინისტროში და მე მივწერე რუსეთის პროკურორს. ეს რუკა ჩამოვიტანეთ, სპეცოპერაცია ჩავატარეთ დამართალია, არავის ვედრებით, ჯერ შორს ვართ ამ დონიდან, მაგრამ ცივილიზებულ ქვეყნებში ასეთ დროს გმირებად აცხადებენ. დარწმუნებული ვარ, ეს რუკები გაამყარებდა ჩვენი და აზერბაიჯანის ძმობას და მოაგვარებდა პრობლემას, მაგრამ ამ მოღალატეებმა, რომლებიც თავად არიან რუსეთის ინტერესის გამტარებლები, დაგვაბრალეს, რომ ვითომ რუსეთის საქმეს ვაკეთებდით. რა შუაშია აქ რუსეთი?", - იკითხა ირაკლი ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, დღეს, 9 ოქტომბერს კი სააპელაციო სასამართლომ საქალაქოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ბრალდსებულთა ადვოკატები ამბობენ, რომ არაა გამორიცხული, ეს საქმე სტრასბურგის ადამიანის უფლებების სასამართლომდე მივიდეს.