დავით გარეჯის საქმის ერთ ერთი მთავარი ფიგურანტი პროკურატურამ კიდევ ერთხელ გამოკითხა. ბიზნესმენი დავით ხიდაშელი საგამოძიებო უწყებაში რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. რუსეთში მცხოვრები ქართველი ბიზნესმენი, რომელიც აცხადებს რომ რუკები საქართველოში ბიძინა ივანიშვილის თხოვნით ჩამოიტანა, სატელევიზიო კომენტარებს მხოლოდ მისთვის მისაღებ მედიასთან აკეთებს.
პირად მიმოწერაში დავით ხიდაშელმა "მთავარს" დაუდასტურა რომ პროკურატურამ მას რამდენიმე დამაზუსტებელი შეკითხვა დაუსვა, თუმცა ეხებოდა თუ არა ეს შეკითხვები მის მიერ მიცემულ ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს ხიდაშელს არ დაუკონკრეტებია.
შეგახსენებთ, რომ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე შოთაძის უწყებას ორი მეცნიერი ჰყავს დაკავებული. ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას პროკურატურა სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
ორივე მათგანს თბილისის საქალაქო სასამართლომ 8 ოქტომბერს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.