პირისპირ მოლაპარაკებებისას რუსეთს აქვს უფრო დიდი ბერკეტი საქართველოზე განახორციელოს ზეწოლა და შანტაჟი - ოპოზიცია რუსეთთან ურთიერთობის აბაშიძე-კარასინის ფორმატში გაგრძელების საჭიროებას ვერ ხედავს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, რუსეთი პირისპირ შეხვედრაზე „ხელის გადაგრეხვის“ პრინციპით იმოქმედებს.
„რუსეთი, ბუნებრივია, ყველაფერს გააკეთებს, რომ ერთი რთზე ხელი გადაგიგრიხოს, შესაბამისად, ეს ფორმატი არ არის ჩვენთვის მისაღები. ფორმატი რუსეთთან მოლაპარაკებისა საჭიროა იყოს ისეთი, როგორიც არის ჟენევაში, სადაც არიან ჩვენი მეგობრები“, - განაცხადა ბარამიძემ.
რუსეთი რომ თავის ძალას გამოიყენებს და საქართველოს დაჩაგვრას შეეცდება, ამაზე საუბრობს „ევროპული საქართველოს“ წევრი, ოთარ კახიძე.
ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს რომ ზიანს მიაყენებს აღნიშნულ ფორმატში დიალოგის წარმართვა, ამაზე საუბრობენ ექსპერტები. მათი შეფასებით, რუსეთის ჰიბრიდული ომის ნაწილია ის, რომ საქართველო მასზე ეკონომიკურად დამოკიდებული გახადოს.