ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფიქრობს, რომ გარეჯის საქმის საზოგადოებრივი განხილვა არასწორი და ზიანის მომტანია. ამ მხრივ, ის მედიასაც აკრიტიკებს.
"ჩემი მოწოდებაა, შეწყდეს საზოგადოებრივი მსჯელობა ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩვენი საუბრით და სატელევიზიო ინტერვიუებით არც არაფერი მიემატება გარეჯს და არც არაფერი დააკლდება. გარეჯი არის საქართველო - ვერასდროს ვერავინ შეეხება ამ სიწმინდეს. ამდენი მსჯელობა და ეს ისტერია, რომელიც გარეჯის თემაზეა დღეს საზოგადოებაში, მხოლოდ ზიანის მომტანია. ჟურნალისტებიც ძალიან ბევრს ლაპარაკობთ ამაზე", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს.
პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.
საგამოძიებო უწყების მტკიცებით, "ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემული რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც როგორც აღინიშნა არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავითგარეჯთან მიმართებაში."
დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
8 ოქტომბერს ორივე მათგანი თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ ორთვიან პატიმრობაში დატოვა.
ავტორი: ნინო ღვედაშვილი