შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეზღუდვის დარღვევის გამო (რის საფუძველზეც 22:00 საათზე რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მუშაობას წყვეტენ), თბილისში, ივანე მაჩაბლის ქუჩაზე მდებარე, შპს "ათონელის" კუთვნილი კვების ობიექტისა და კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე ბარ "FELLERS"-ის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა და საგამოძიებო ღონისძიებები დაიწყო.
ამის შესახებ ინფორმაციას უწყების ვებგვერდზე ვეცნობით:
"17 და 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლებმა შპს "ათონელის" კუთვნილ კვების ობიექტსა და ბარ "FELLERS"-ში საქართველოს მთავრობის 2020 წლის N322-ე დადგენილებითა და „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დარღვევებით განმეორებით მიმდინარე ეკონომიკური საქმიანობა გამოავლინეს, რის შესახებაც შინაგან საქმეთა სამინისტროს აცნობეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული კვების ობიექტები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, 22:00 საათის შემდეგ განაგრძობდნენ ეკონომიკურ საქმიანობას. ობიექტების წამომადგენლების განცხადებით, ორივე ბარი ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის შტაბი იყო, რისი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც ობიექტების მესაკუთრეებს საგამოძიებო უწყებისთვის არ წარუდგენიათ.
გამოვლენილი დანაშაული ფიზიკური პირის შემთხვევაში - სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
იზოლაციის და კარანტინის წესის დარღვევის ორივე ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 248-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს" - წერია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები 22:00 საათზე მუშაობას წყვეტს.