
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ გველეთში შემორჩენილი ბოლო ოჯახი შიმშილობის ზღვარზეა. ოჯახის ერთადერთი შემოსავალი ეზოში გამავალი მაღალი გამტარობის ელექტროსადენების კომპენსაცია უნდა ყოფილიყო, მაგრამ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ამაზეც უარი უთხრა.
სოფელ კობში შემორჩენილ ათიოდე ოჯახს კი, უწყლოობასა და გაუვალ გზასთან ერთად, შერჩევითობაც აწუხებს. ადგილობრივები გვიყვებიან, რომ აქ შერჩევითია არა მხოლოდ სამუშაო ადგილები, არამედ მმართველი გუნდის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საკუთარ პრობლემებზე საუბრის შესაძლებლობაც.
ადგილობრივები ამბობენ, რომ წინაპრებისგან მემკვიდრეობით მიღებულ მიწის ნაკვეთებს ვერ იყენებენ. მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი დოკუმენტაცია აქვთ, კუთვნილ ქონებას მიზეზის აუხსნელად არ ურეგისტრირებენ.
გლობალურმა პანდემიამ ყაზბეგის მაცხოვრებლების მდგომარეობა კიდევ უფრო გაართულა. სასტუმრო სახლების გასაკეთებლად აღებული სესხების პროცენტიც გაეზარდათ და შემოსავლის გარეშეც დარჩნენ.
ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი, ცეზარ ჩოჩელი ამბობს, რომ არსებული მდგომარეობა უკვე სავალალოა და სიტუაცია სასწრაფოდ უნდა შეიცვალოს. მისი აზრით, ადგილობრივების გაჭირვებიდან გამოყვანა ტურისტული პოტენციალის გამოყენებით შეიძლება. ცეზარ ჩოჩელი იხსენებს იმასაც, თუ როგორ დაიწყო მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობა რვა წლის წინ, ხელისუფლების ცვლილებისთანავე კი, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი შეჩერდა.
ახლა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში არავინ იცის, როგორ გადაიტანენ მოახლოებულ ზამთარს, რადგან სასტუმროებისა და რესტორნების უმეტესობა ისევ დახურულია, სესხის პროცენტი კი - გაზრდილი. იმ ოთხი შენობიდან ერთ-ერთში, რომლის რეაბილიტაციაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე მოხდა, დღეს შალვა კერესელიძის საარჩევნო შტაბია მოწყობილი.