
საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ყოფილი ხელმძღავანელი დაწესებულების ისტორიას იხსენებს და წერს, რომ საჯაროდ სურს იმის მოყოლა, რაც აქამდე ფართო საზოგადოებისთვის უცნობი იყო. გიორგი უშიკიშვილმა ვრცელი სტატუსი საკუთარ Facebook-ზე გამოაქვეყნა და ეს იმ პერიოდს მოიცავს, სანამ მას 2012 წელს გაათავისუფლდებდნენ.
"მსურს ყველა თქვენთაგანს მოვუყვე ის, რაც აქამდე ასე ღიად, საჯაროდ არ დამიწერია. ბევრი თქვენთაგანი ალბათ უკვე არის საქმის კურსში იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც მექნება საუბარი. ფაქტები, რომლებიც სიმართლეს წარმოადგენენ და რომელთა გადამოწმებაც ყველას შეუძლია", - წერს უშიკიშვილი.
მომღერალი იხსენებს, რომ 2004 წელს ხალხური შემოქმედების სამეცნიერო მეთოდურ ცენტრის ხელმძღვანელობა მაშინდელმა კულტურის მინისტრმა, გოკა გაბაშვილმა შესთავაზა. უშიკიშვილის თქმით, მაშინ დაწესებულების წლიური ბიუჯეტი 36,000 ლარი იყო. მოგვიანებით ცენტრს სახელი შეეცვალა და სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი ეწოდა, მისი ბიუჯეტი კი 500 000 ლარი გახდა, რაც უშიკიშვილის თქმით, თანამშრომლების ანაზღაურებასა და ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე აისახა.
"პირველი, რაც ძალიან შოკისმომგვრელი იყო გახლდათ ის, რომ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოსცა განკარგულება ფოლკლორის ეროვნული დათვალიერება-ფესტივალის დაარსებაზე და ამ მიზნით გარკვეული თანხებიც გამოიყო. ამ ფესტივალის ჩატარება ჩვენს ცენტრს დაევალა. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ამ დათვალიერება-ფესტივალმა დიდი სტიმული მისცა საქართველოში მოღვაწე ფოლკლორულ ანსამბლებს, სახალხო მთქმელებს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ოსტატებს. შესაბამისად, შეიქმნა უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც დღეს საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრში ინახება (მანამდე ცენტრს აუდიო, ვიდეო არქივი არ გააჩნდა)", - წერს გიორგი უშიკიშვილი.
მომღერალი წერს, რომ საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა შექმნა ფოლკლორის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამა, რომლის ფარგლებშიც გამოყოფილი დაახლოებით, 2 მილიონი ლარი "უმნიშვნელოვანეს საქმეს" მოხმარდა.
ამას გარდა უშიკიშვილი აღნიშნავს ცენტრისთვის შენობის გადაცემის საკითხს, რომელშიც დაწესებულება დღემდე ფუნქციონირებს. უშიკიშვილის თქმით, სააკაშვილის დახმარებით დაარსეს საქართველოს ისტორიაში პირველი ფოლკლორული რადიო FM სივრცეში - "ფოლკ რადიო".
უშიკიშვილის თქმით, 2012 წლამდე ასე მოვიდნენ და შემდეგ "დიდი ბინძური ბრძოლისა და ზეწოლის ფონზე გამათავისუფლეს ცენტრის დირექტორობიდან".