დავით კირკიტაძემ რუსთაველებს ხუთპუნქტიანი გეგმა გააცნო

გამოქვეყნდა:

გაუმჯობესებული ეკოლოგიური მდგომარეობა, ფუნქციურად დატვირთული უძრავი ქონება და  უფრო მეტად მდიდარი თითოეული რუსთაველი - ის სამი აუცილებელი შედეგია, რომელიც ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატის მიერ რუსთაველებისათვის შემუშავებულმა გეგმამ უნდა მოიტანოს.

ხუთპუნქტიანი გეგმა "ერთიანი ნაცინალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით კირკიტაძემ საკუთარ ქალაქში არსებული ქონების დაკანონების მასობრივი პრობლემის გამო შეადგინა. ადგილობრივები ამბობენ, რომ უკვე რამდენიმე ათეული წელია რაც საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია ნაგვისგან გაწმინდეს და გაამწვანეს, მაგრამ არ იციან ღირს თუ არა სივრცის კეთილმოწყობის გაგრძელება, რადგან მიწის ნაკვეთი ჯერ ისევ სახელმწიფოს ბალანსზეა.

გაურკვეველია რუსთავში მცხოვრები ორი ათასამდე ოჯახის ბედიც, მიუხედავად იმისა, რომ მარისარხის უბნის დასახლებაში უკვე რამდენიმე თაობა გაიზარდა მობინადრეები კუთვნილი სახლების დაკანონებას ვერ ახერხებენ.

ავტოფარეხების პროექტი რუსთაველებისთვის ჯერ კიდევ 80-ან წლებში დამტკიცდა, ადგილობრივებს შესაბამისი დოკუმენტაციაც აქვთ, მაგრამ მიწის ნაკვეთები, რომლებზეც ნაგებობები დგას, ისევ სახელმწიფო ბალანსზეა.

დღემდე უკაცრიელი და უფუნქციოა საბჭოთა წყობილების დროს მოქალაქეთათვის გადაცემული მიწის ნაკვეთები, რადგან ერთი მხრივ მფლობელები ამ ტერიტორიის დაკანონებას ვერ ახერხებენ და მეორე მხრივ იქ დღემდე არც წყალია და არც სხვა საჭირო რესურსი.

სპეციალურად შედგენილ გეგმაში ის რუსთაველებიც მოხვდნენ, რომლებსაც უძრავი ქონების დაკანონების პრობლემა არ აქვთ, დავით კირკიტაძე ასეთ მოქალაქეებს, რუსთავის შემოგარენში მდებარე ტერიტორიას უჩვენებს და თითოეულ მათგანს 900 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთის მფლობელობაში გადაცემას ჰპირდება.

არჩევნებამდე სულ ცოტა დრო რჩება და სანამ დავით კირკიტაძეს გეგმის პრაქტიკულად განხორციელების შესაძლებლობა მიეცემა, მანამდე მის შინაარსს თითოეულ მოქალაქეს აცნობს და რაც მთავარია სჯერა, რომ რუსთაველები ამას იმსახურებენ.

ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი