კარტოგრაფების საქმე სტრასბურგში მიდის. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მეცნიერების წინასწარ პატიმრობაში დატოვება გასაჩივრდება.
ადვოკატები ამბობენ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის კომისიის წევრების წინააღმდეგ მტკიცებულებები არ არსებობს და "ოცნების" ხელისუფლებამ ისინი წინასაარჩევნოდ პოლიტიკური მიზნით დააპატიმრა.
ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ადვოკატები ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ თავდაცვის მინისტრი ამ პოლიტიკური საქმის ერთ-ერთი მთავარი შემსრულებელია და მასთან არაერთი კითხვა არსებობს.
ღარიბაშვილს გარდა, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი მიიჩნევს, რომ უნდა დაიკითხოს ყველა ყოფილი და მოქმედი მაღალჩინოსანი, ვისაც ამ საქმეზე რაიმე სახის ინფორმაცია აქვს, მათ შორის არის თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ალასანია.
ძალიან ღირებულია ჩემი აზრით ბეჟან მაისურაძის გამოკითხვა, ბატონი ირაკლი ალასანიას, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის, ბატონი ჯანელიძის გამოკითხვა...ვმუშაობთ ევროსასამართლოში, აღკვეთი ღინისძიების გასაჩივრებაზე. ძალიან მალე მზად უნდა იყოს საჩივარი - ამბობს ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე
კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს კი დღეს ადვოკატი მოინახულებს. უფლებადამცველი ბრალდებულს საქმის მასალებს გააცნობს და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებენ.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, 7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.