გარეჯის საქმეზე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იკითხება - ადვოკატები სხვა ფიგურანტების გამოკითხვასაც ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე დღეს პროკურატურაში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია, მივიდა.

ცნობისთვის, სწორედ დარსალია ჩაუდგა 2013 წლიდან სათავეში განახლებული სადემარკაციო კომისიის საქმიანობას. ამასთან, მისივე ხელმძღვანელობით აზერბაიჯანში 200 000-იანი მასშტაბის სადავო რუკები წაიღეს, თუმცა მეზობელმა ქვეყანამ ისინი არ განიხილა. 

"ძირითადი პრინციპი ის არის, რომ ვეფუძნებით 1938 წლის ხაზს" - ამბობს ჟურნალისტებთან საუბრისას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. 

დაპატიმრებული კარტოგრაფების ადვოკატები კი ამბობენ, რომ შერჩევითი გამოკითხვა მიუღებელია და უწყებაში აუცილებელია დაიბარონ საქმის სხვა მთავარი ფიგურანტები - ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და რუკებით დაინტერესებული ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი. 

"გამოკითხვაზე ვერ ვხედავთ იმ ფიგურანტებს, რომლებიც საქმესთან მჭიდრო კავშირში არიან - მათ შორის თავად ივანიშვილს, ღარიბაშვილს და ყველა მინისტრის მოადგილეს, რომელსაც კომისიასთან ჰქონდა შეხება", - ამბობს ადვოკატი ნესტან ლონდარიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა კარტოგრაფების საქმეზე საგანგებო განცხადება გაავრცელეს, სადაც წერია, რომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას დაკავების უკან პოლიტიკური ინტერესი იკვეთება და საქმე შეკერილია.

ცნობისთვის, აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი