ნიკა გვარამიას, გუშინ ზუგდიდის ინციდენტის ადგილიდან, სავარაუდოდ მძევალი, სავარაუდოდ სახელად დავითი, თავდამსხმელის დავალებით, თხოვდა დაკავშირებოდა ოპერაციის ხელმძღვანელ პოლიციელებს, რომ გაეყვანათ მიმდებარე ტერიტორიიდან ტექნიკა, სპეცრაზმი და სნაიპერები.
"აქიდან მეუბნებიან, ჩემს აზრს კონკრეტულად არ გეუბნებით, კადრებში ჩანს ყველაფერი ტექნიკაც არის, რაც ძალიან აღიზიანებს ამას. პირველ რიგში, რასაც ამბობს ეს ადამიანი რომ აბსოლუტურად უნდა დაიცალოს ტექნიკისგან ზუგდიდი, აბსოლუტურად ყველა ტექნიკა უნდა წავიდეს, ყველა სპეცრაზმელი უნდა გავიდეს.
სნაიპერები არიანო, რომ ლაპარაკობენ, სულ ყველა გაიყვანეთ, გადაეცით, დაუკავშირდით ამათ, ვინც არის აქ, ამ ოპერაციის ხელმძღვანელი, ვინც არის ყველას დაუკავშირდით. გეხვეწებით და გაიყვანონ ეს ტექნიკა აქედან, გაიყვანონ ეს ხალხი აქედან, იფიქრონ ჩვენზე" - უთხრა ნიკა გვარამიას სავარაუდო მძევალმა სატელოფონო საუბრისას.
ნიკა გვარამია, ზარის ავტორს თხოვდა ეთქვა მისი სახელი და ცდილობდა გაერკვია ტელეფონით მძევალი უკავშირდებოდა თუ თავდამსხმელი, რაზეც პირმა უპასუხა, რომ იყო მძევალი, სახელად დავითი და რეკავდა თავდამსხმელის დავალებით.
"მე გესაუბრებით მძარცველის სახელით ვინც არის ამ შენობაში და ვინც არის აქ ტყვედ ამათი სახელით, ყუმბარა უკავია ხელში, კადრებს რასაც ხედავს აღიზიანებს, ნიკა გეხვეწები უთხარით და გაიყვანეთ." - ასე უპასუხა მძევალმა ნიკა გვარამიას შეკითხვას.
მთავარი არხის დირექტორმა მძევალს უთხრა, რომ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს გადასცემდა და ის ასეც მოიქცა. იქამდე კი ნიკა გვარამიამ 112-ში დარეკა, თუმცა რეაგირება ამას არ მოჰყოლია.