გავრცელებული ინფორმაციით, ავჭალაში მანქანაში ჩაცხრლული პირი ვალერიან ნემსიწვერიძეა. შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა შემთხვევის ადგილზე ეს ინფორმაცია არც უარყვეს და არც დაადასტურეს.
ჩვენი ინფორმაციით, ნემსიწვერიძე 2004 წლის 13 მაისს პარლამენტის ყოფილ დეპუტატს, კახა გიუშვილს დაესხა თავს. მას დანაშაულის გამო 16 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 2013 წელს ამნისტიით გათავისუფლდა.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები ადგილზე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები. დამატებით ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, რადგან გამოძიებას ხელს შეუშლის, გარდაცვლილის ვინაობა გაჟღერდება მოგვიანებით", - თქვა უწყების წარმომადგენლემა.
შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ და გვამის სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადასვენების სამუშაოები მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა ოჯახის წევრები პოლიციის განყოფილებაში გადიაყვანეს.
შეგახსენებთ, რომ დანაშაული დღეს, 23 ოქტომბერს ცოტა ხნის წინ მოხდა. ახალგაზრდა კაცი საკუთარ მანქანაში ჩაცხრილული იპოვეს, მას ხელში თავადაც იარაღი ეჭია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებასა და განზრახ მკვლელობას გულისხმობს.